ჰა ჰე ჰი ჰლ ჰო
ჰოკ

ჰოკეი ყინულზე შაიბით

  1. სწრაფი, მკაცრი, ვაჟკაცური გუნდური სპორტული თამაში ყინულზე ციგურების, ყვანჭებისა და დამცავი ეკიპირების გამოყენებით. ყინულის არენაზე მხოლოდ 6 მოთამაშეა (მათ შორის მეკარე). თამაშის სუფთა დრო 60 წუთია, რომელიც დაყოფილია 3 თანაბარ – 20 წუთიან პერიოდებად. გაიმარჯვებს ის გუნდი, ვინც მეტ შაიბას გაიტანს მეტოქის კარში და თავისას დაიცავს საიმედოდ. არენის ზომებია: სიგრძე – 51-61 მ., სიგანე – 24-30 მ, შემოფარგლული ხის ბორტებით, სიმაღლე – 1,10-1,22 მ. კარების სიგანე – 1,83 მ., სიმაღლე – 1,22 მ. ყვანჭის სახელურის სიგრძე – 1,35 მ. კაგის სიგრძე – 37,5 სმ. შაიბა მზადდება მაგარი ვულკანიზებული რეზინისაგან. ფორმით ბრტყელი მრგვალი დისკო. სისქე – 2,54 სმ., დიამეტრი – 7,62 სმ.
  2. ჰ.ყ. როგორც სპორტის სახეობა ჩამოყალიბდა კანადაში მე-19 ს. 60-იან წლებში. თავიდანვე ჰოკეის დიდი მონდომებით თამაშობდნენ ინგლისელი მეომრები და კანადელი სტუდენტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჰოკეის გაგრცელებას ევროპაში. პირველად ჰოკეის თამაშის წესები შემუშავებულ იქნა 1879 წ. 1908 წ. ჩამოყალიბდა შაიბიანი ჰოკეის საერთაშორისო ლიგა. 1924 წ-დან ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნა შეტანილი. 1930 წ-დან (გარდა ოლიმპიურისა) ყოველ წელს ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატები. უპირატესობა გამარჯვებებში კანადის ჰოკეისტებს ეკუთვნით.
  3. საქართველოში აღნიშნულ თამაშს მე-20 ს. 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ჩამოყალიბდა ჰოკეისტთა გუნდი – თბილისის „დინამოს“ სახელწოდებით, რომელსაც მოსკოველი მწვრთნელი ვ. ზახაროვი ავარჯიშებდა და უნდა ითქვას, რომ გუნდი საიმედო სპორტულ მონაცემებს აგლენდა შეჯიბრებებში. ამავე პერიოდში (1961) პირველად დაბა ბაკურიანში ჩატარდა საქართველოს პირველობა ჰოკეიში შაიბით. მონაწილეობდა 8 გუნდი, 80-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა პატარა ჰოკეისტებმა (1970-1971 წლეში დაბადებულებმა) მონაწილეობა მიიღეს ტულის მახლობლად ქ. შჩოკინოში გამართულ თამაშებში „ოქროს შაიბის“ საკავშირო პრიზზე. თბილისელებმა 2 მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს, 2 წააგეს და მე-6 ადგილხე გავიდნენ. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელებულ იქნა 13 წლის მოსწავლე კოტე ბახუტაშვილი (წინა ჩემპიონატშიც აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო მეკარე). მას საჩუქრად გადაეცა ტულის „სამოვარი“. ნიჭიერი სპორტსმენი მიწვეულ იქნა ცსკა-ს ჰოკეისტთა სკოლა-ინტერნატში. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო სპორტის აღნიშნულმა სახეობამ შეწყვიტა ფუნქციონირება საქართველოში.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9