სპორტის სახეობა – მაღალ, ძნელმისადგომ მთების მწვერვალებზე, მყინვარებზე ასვლა. მთამსვლელობის საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა 1932 წელს. საქართველოში არსებობს მთამსვლელობის მდიდარი ტრადიციები. პირველი ქართველი, რომელმაც მთის მწვერვალი დაიპყრო, მოხევე ლალა ხუციშვილი იყო. მან 1889 წ. 14 ივლისს სიპიაგინისა და კრასნოგორსკისთან ერთად (როგორც გამყოლი) წარმატებით განახორციელა მყინვარწვერზე ასვლა. 1923 წლის აგვისტოში მოხდა ორი მასობრივი ასვლა მყინვარწვერზე (5033 მ.), ჯერ პროფ.გიორგი ნიკოლაძის, ხოლო შემდეგ კი პროფ. ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით. საინტერესო ასვლა განახორციელეს ქართველმა ქალებმა: მარო ბეჟანიშვილმა, ელენე ლორთქიფანიძემ, ასმათ ნიკოლაიშვილმა, მარიამ ტყავაძემ და ლიდა ჩხაიძემ. როგორც ცნობილია, შემდგომში ქართველმა ალპინისტებმა მრავალჯერ ასახელეს სამშობლო თავიანთი წარმატებებით. ქართული მთამსვლელობის მატიანეში ჩაწერილი დამსახურების მიხედვით, ,,მთების რაინდს“, ალიოშა ჯაფარიძეს ბადალი არ ჰყავს. იგი წლების მანძილზე სათავეში ედგა ქართველ მთამსვლელთა ბრწყინვალე პლეადას. მას ეკუთვნის რამდენიმე საყურადღებო ნაშრომი მთამსვლელობაზე.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962