გუნდური სპორტული თამაში; დახურულ ან ღია მოედანზე (ზომით 26 X 14 მ.), თამაშის წესების დაცვით მოთამაშეები ისწრაფიან ბურთის (წონა 600-650 გრ) გადაცემებითა და მანევრირებით, დრიბლინგით და ფინტებისგამოყენებით ჩააგდონ ბურთი მოწინააღმდეგის კალათში (ლითონის რგოლი – დიამეტრი 45 სმ, მიმაგრებულია ხის ან პლექსიგლასის ფარზე, იატაკიდან 3,05 მ. სიმაღლეზე, ფარები კი დამონტაჟებულია დგარებზე ან სხვა შესაბამის ადგილებზე). პირველად კალათბურთის ისტორიაში ამერიკელმა ჯ. ნეისმითმა (1861-1939) შეიმუშავა კალათბურთის თამაშის წესები, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1894 წ. და ამავე წლიდან დაიწყო კალათბურთის წელთაღრიცხცვა. 1932 წ-იდან ფუნქციონირებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიბა), ტარდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მამაკაცთათვის 1936 წ-იდან კ. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნა შეტანილი, ხოლო 1976 წ-დან ქალებმაც მიიღეს მონაწილეობის უფლება.
1923 წ-იდან საქართველოში იწყება კალათბურთის დამკვიდრება. თავიდან აღიარებულ გუნდად მიჩნეული იყო თბილისის „სინათლე“. შემდეგ კი თბილისის „ოფიცერთა სახლი“ და „დინამო“. ისინი გამოირჩეოდნენ სწრაფტემპიანი, მაღალტექნიკური თამაშით, ტაქტიკური მრაგალფეროვნებითა და სპორტული შემოქმედების ფანტაზიით 1944, 1946 – „ოფიცერთა სახლი“, 1950,1953,1954 ,,დინამო“ სსრ კავშირის ჩემპიონები იყვნენ). 1962 წ. ჟენევაში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე თბილისის „დინამო“ დაეუფლა სანუკვარ ჯილდოს – ევროპის თასს. თამაში შეფასებულ იქნა სპორტული კულტურის აპოგეად. მართლაც, იმდროინდელი კალათბურთელების თამაში ისე მომაჯადოებლად აღიქმებოდა, რომ სპორტული ოსტატობის ამ დიდებულ პროცესს ,,კალათბურთის სიმფონია“ უწოდეს ლეგენდარული ოთარ ქორქიას დირიჟორობით“.მისი „ორკესტრის" წევრებიც: გურამ მინაშვილი, რევახ გოგელია, ვალერიან ალთაბაევი, ლევან მოსეშვილი, ანზორ ლეჟავა, ამირან სხიერელი, ილარიონ ხაზარაძე, ვლადიმერ უგრეხელიძე, ალექსანდრე კილაძე, ლევან ინწკირველი, ალექსანდრე პეტროვი. დიდებულ წინამორბედთა შორის შეუძლებელია არ დავასახელოდ უბრწყინვალესი კალათბურთელები: მიხეილ ცხვედაძე, ნოდარ ჯორჯიკია, ზურაბ საკანდელიძე და სხვ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.