სპორტული ორთაბრძოლის რთული და საინტერესო სახეობა. ბრძოლა რბილი სპეციალური ხელთათმანებით, განსაკუთრებული წესების დაცვით.
კრივის საასპარეზო არენას – რინგი წარმოადგენს, ზომით 6 X 6 მ., რომლის ოთხკუთხედი ფართობი შემოკავებულია დაჭიმული თოკით. იატაკზე დამაგრებულია ნაბდის ფენილი – სისქით 2 სმ. კრიეში, წვრთნის ძირითადი „ფორმულის“ საფუძველს მოვარჯიშის განსაკუთრებული საერთო ფიზიკური და სპეციალური მომზადება, ტექნიკის. ტაქტიკისა და ზნეობრივ თვისებათა დახვეწა - სრულყოფა შეადგენს.
საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა მოკრივეთა ბრწყინვალე წარმატებები საბჭოეთის პირველობებში. ჩემპიონები იყვნენ: გ. ვართანოვი, შ. გორგასლიძე, ა. ნოვოსარდოვი, ლ. ღუდუშაური, გ. ხანუკაშვილი, ა. ხიხანიშვილი. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია სახელოვანმა ქართველმა მოკრივემ დავით კვაჭაძემ, რომელიც სსრ კავშირის სამგზის ჩემპიონი იყო და 1977 წ. ევროპის ჩემპიონიც გახდა.
თანამედროვე კრივის სამშობლოდ ინგლისი ითვლება, ქვეყანა, რომელმაც შეძლო კრივის, როგორც სპორტის, სისტემაში მოყვანა და მისი გაგრცელება მსოფლიოს მასშტაბით. 1867 წ.პირველად კრივის ისტორიაში, დამტკიცებულ იქნა კრივის წესები (ხელთათმნებით). 1904 წ. კ. ო. თამაშების პროგრამაში შევიდა. 1924 წ-იდან ტარდება ევროპის, 1974 წ-დან მსოფლიო ჩემპიონატები. კ. ურთულესი სპორტია, იგი მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას და კრივის ტაქტიკურ ვარიანტთა მრავალფეროვნების ცოდნას. ნამდვილი კრივი ვაჟკაცთა ხვედრია.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.