ადამიანის დიდი სამყარო, რომელსაც მინიჭებული აქვს ბუნებრივი უნარი: იმედის, რწმენისა და სიყვარულის, დაკისრებული აქვს მიწიერი ფუნქცია: უზრუნველყოს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა; ეს კი, თავის მხრივ, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; ამ დროს ორგანიზმში თანდათანობით ყალიბდება ურთულესი კანონზომიერებებით მოწესრიგებული უჯრედული ბიოქიმიური ცვლილებებისა და გარდაქმნების მთელი სამყარო, რომელიც კოსმოსური ენერგიის ველში ექცევა და იმართება მისით. ეს სამყარო სუნთქავს ერთიანი ორგანიზმის, ცალკეული ორგანოების, ქსოვილების, უჯრედებისა თუ სუბუჯრედული სტრუქტურების ფრიად მოწესრიგებული რიტმებით. ასეთი სამყარო ნებისმიერ ადამიანს გააჩნია და იგი სრულიად თავისებურია, ინდივიდუალური. გულის ნეირონულ სისტემას მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერებები აქვს და იგი ტვინს მუდმივად აწვდის ინფორმაციას. სწორედ ამ ინფორმაციით იქმნება ადამიანის ემოციური გამოცდილება. სხვა სიტყვებით, გულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტვინში იქმნება გარკვეული ბაზა, რომელიც სრულად განსაზღვრავს ადამიანის რეაქციებსა და განწყობილებებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.