(de წინსართი, რომელიც აღნიშნავს მოცილებას, მოშორებას + centrum შუაგული)პიროვნების ეგოცენტრიზმის დაძლევის მექანიზმი, რომელიც მდგომარეობს სუბიექტის თვალსაზრისის, პოზიციის შეცვლაში საკუთარისაგან განსხვავებულ სხვა პოზიციებთან შეჯახების, შეპირისპირებისა და ინტეგრაციის შედეგად. დეცენტრაციის ცნება ერთერთი საკვანძოა ჟან პიაჟეს გენეტიკურ ეპისტემოლოგიაში, გამოიყენება პიროვნების სოციალიზაციის, კოგნიციური და მორალური განვითარების პროცესების ანალიზისათვის. დეცენტრაციის წყარო სხვა ადამიანებთან უშუალო ან ინტერიორიზებული ურთიერთობაა (შინაგანი დიალოგი), რომლის მსვლელობაშიც ხდება საწინააღმდეგო თვალსაზრისების შეჯახება, სუბიექტის ორიენტირება საკუთარ შემეცნებით პოზიციაში სახეების ხატების), ცნებებისა და წარმოდგენების აზრის გარდაქმნაზე. დეცენტრაციის ჩვევათა ფორმირება საფუძვლად უდვს სუბიექტის უნარს, მიიღოს სხვა ადამიანის როლი, იგი დაკავშირებულია კოგნიციური ემპათიის განვითარების დონეებთან, განსაზღვრავს კომუნიკაციური ურთიერთქმედების ეფექტურობას. სუბიექტის უნარი დეცენტრაციის მიმართ შეიძლება არსებითად იცვლებოდეს სხვადასხვა ასაკობრივ სტადიაზე, იზრდებოდეს ბავშვობიდან მოწიფულობამდე და მცირდებოდეს მოხუცებულობის მოახლოებასთან ერთად. იგი ვარირებს, აგრეთვე, სუბიექტის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: პროფესიონალური ურთიერთქმედებისას დეცენტრაცია ხორციელდება უფრო წარმატებით, ვიდრე ოჯახური ყოველდღიურობის მიმართებებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.