გაკვეთილის ეფექტურობა და შედეგიანობა დიდადაა დამოკიდებული მისი სტრუქტურის შერჩევაზე. სტრუქტურაში კი იგულისხმება გაკვეთილის ძირითადი კომპონენტების დიდაქტიკურად განპირობებული შინაგანი ურთიერთკავშირები და მიმართებები, მათი მიზანმიმართული მოწესრიგება და ურთიერთზემოქმედებანი. ტრადიციული გაკვეთილის სტრუქტურა მოიცავს ოთხ ძირითად ელემენტს: გამოკითხვა, ახსნა, განმტკიცება და საშინაო დავალება. ასეთი გაკვეთილი ემსახურება მოსწავლეთა ცნობიერებაში ცოდნის ჩამოყალბებას, მაგრამ სრულიად ვერ უზრუნველყოფს იგი მოსწავლის ზოგად განვითარებას, განსაკუთრებით პიროვნულს. რამდენადაც ზემოხსენებული ელემენტები ვერ ასახავენ მოსწავლეთა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო მუშაობის პროცესს, მის არსს. გაკვეთილი ასახავს სასწავლო პროცესის მხოლოდ გარეგან ნიშნებს და ვერ წვდება მის შინაგან მხარეს, როგორიცაა: სასწავლო შემეცნების კანონზომიერებები, სასწავლო საქმიანობის სტრუქტურა და სხვა. სწავლების თეორიაში განასხვავებენ დიდაქტიკურ (ძირითად) სტრუქტურას და სამ ქვესტრუქტურას: ლოგიკურ ფსიქოლოგიურს, მოტივაციურსა და მეთოდიკურს. დიდაქტიკური სტრუქტურა შედგება სამი ეტაპისაგან:
დასაყრდენი ცოდნისა და მოქმედებათა ხერხების აქტუალიზაცია.
ახალი ცნებებისა და მოქმედებათა ხერხების ფორმირება.
ცოდნის გამოყენება და უნარჩვევათა ფორმირება.
ლოგიკურ-ფსიქოლოგიური: ადრე მიღებული ცოდნის კვლავწარმოება და აღქმა, ახალი ცოდნისა და მოქმედებათა ხერხების აღქმა, ახლის ელემენტების გააზრიანება და გაცნობიერება, ცოდნისა და მოქმედებათა ხერხების ელემენტების განზოგადება, ცოდნისა და მოქმედებათა ახალი ხერხების გამოყენება სიტუაციებში ნიმუშის მიხედვით და შეცვლილ პირობებში. ეს ქვესტრუქტურა დეტერმინირებულია შეთვისების ზოგადი ლოგიკით.
მოტივაციური: მოსწავლეთა ყურადღების ორგანიზაცია და მართვა, საქმიანოხის არსის განმარტება, მოტივაციურ მდგომარეობათა აქტუალიზაცია, მოსწავლეებთან მეცადინეობათა მიზნის ერთობლივი დასმა, მიზნის მიღწევაში წარმატების სიტუაციების უზრუნველყოფა, მოსწავლეებში დადებითი ემოციებისა და თავის მოქმედებებში რწმენის შენარჩუნების ხელის შეწყოხა მოქმედებების, პროცესისა და შედეგების შეფასება.
მეთოდიკური: გაკვეთილის ყველა სტრუქტურა მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობაში რეალიზდება მეთოდიკური ქვესტრუქტურის დახმარებით. მეთოდიკური ქვესტრუქტურა კი ხასიათდება დიდი ვარიაციულობით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.