(ćurepa გამოცდილება) შემეცნების თეორიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ცოდნის წყაროდ აღიარებს გრძნობით გამოცდილებას და გულისხმობს, რომ ცოდნის შინაარსი შეიძლება ან წარმოდგენილ იქნას როგორც ამ გამოცდილების აღწერა, ან დაყვანილ იქნას მასზე. ეწინააღმდეგება რაციონალიზმსა და მისტიციზმს. ემპირიზმისათვის მახასიათებელია გამოცდილების, გრძნობითი შემეცნების აბსოლუტიზაცია, რაციონალური შემეცნების (ცნებების, თეორიების) როლის დამცირება. როგორც ერთმთლიანი გნოსეოლოგიური კონცეფცია, ემპირიზმი ჩამოყალიბდა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში (ფრენსის ბეკონი, თომას ჰობსი, ჯონ ლოკი, ჯორჯ ბერკლი, დევიდ იუმი). ემპირიზმის ელემენტები პოზიტივიზმსა და ნეოპოზიტივიზმსაც (ლოგიკური ემპირიზმი) ახლავს. ემპირიული და თეორიული ცოდნის ძირითადი და ერთმანეთთან დაკავშირებული სახეებია (შემეცნების ხერხები), რომლებიც ერთმანეთისგან ხარისხობრივად განსხვავდებიან თავიანთი არსით, აზრითა და ობიექტური რეალობის ასახვის ფორმით. ემპირიული სინამდვილეს ასახავს მისი გარეგანი კავშირებისა და მიმართებების მხრივ, აფიქსირებს პროცესებისა და მოვლენების გარეგან გამოვლინებებს, რაც მისაწვდომია მხედველობის, სმენისა და გრძნობებისათვის. თეორიული გამოდის ემპირიულიდან, სისტემაში მოჰყავს დაგროვილი მასალა, მისდევს შინაგანი ურთიერთკავშირების პრინციპებს დინამიკაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.