ტრადიციული პედაგოგიკა, რომელიც დაფუძნებულია მოსწავლის პიროვნების დათრგუნვის, მასალის მონოტონური დასწავლის პრინციპებზე, რაც ჩარას აცლის მოსწავლის აზროვნების განვითარებას, აქვეითებს მსჯელობის უნარს. ავტორიტარული პედაგოგიკის ჩარჩოებში ადგილი არა აქვს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას. ტრადიციული სწავლების კონცეპტუალური საფუძველი იყო და არის ის დიდაქტიკური პრინციპები და წესები, რომლებიც ჯერ კიდევ კომენსკიმ ჩამოაყალიბა. ასეთი სწავლების შინაარსი განისაზღვრა ტექნოკრატიული ხასიათით. ტრადიციული სისტემა ერთგვაროვანია, არავარიაციული. მასში პრიორიტეტული სწავლება გახდა, აღზრდა მას თანდათანობით დაშორდა, თუმცა, დეკლარაციულად სწავლება და აღზრდა ერთიან პროცესად იყო გამოცხადებული. ამ ფონზე სწავლა ძალიან სუსტად იყო დაკავშირებული მოსწავლის შინაგან სამყაროსთან, მის სურვილებთან, ოცნებებთან, მოთხოვნილებებთან. სწავლება და სწავლა იძულებითი გახდა. აშკარად გამოიკვეთა მასწავლებლისა და მოსწავლის პოზიციები: მასწავლებელი ერთადერთი ინიციატივიანი პირი, მოსამართლე, რომელიც ყოველთვის მართალია. მოსწავლე-მორჩილი, მსმენელი, შემსრულებელი, პასიური, რომელიც ყოველთვის ვალდებულია. მასწავლებლისა და მოსწავლის ასეთი პოზიციების გამო, ცოდნის შეთვისების მეთოდები პრაქტიკულად დაეყრდნო: მზა ცოდნის გადაცემას, სწავლებას ნიმუშების მიხედვით, მექანიკურ დამახსოვრებას, მასწავლებლის მონოლოგურ თხრობას, მოსწავლის ცოდნის რეპროდუქციულ კვლავწარმოებას. ავტორიტარული სწავლების მახასიათებელია: პედაგოგი ერთპიროვნულად წყვეტს მოსწავლისა და მთელი კოლექტივის საქმიანობის ყველა საკითხს, ურთიერთობების რეალიზება ხდება დიქტატისა და მეურვეობის მეშვეობით, მოსწავლის ან კოლექტივის მიერ მორჩილებაზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაცია და ასე. შემდეგ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.