სინამდვილისადმი ადამიანის ესთეტიკური მიმართების ფორმირების მიზანმიმართული პროცესი; ეს ის პროცესია, რომელიც ემსახურება მოსწავლის ესთეტიკური ემოციონალურ-გრძნობითი და ფასეულობითი შეგნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას; იგი პიროვნების კულტურის ერთ-ერთი უნივერსალური ასპექტია, რომელიც ხელოვნებისა და რეალობის მრავალსახოვანი ესთეტიკური ობიექტებისა და მოვლენების გავლენით უზრუნველყოფს მის სოციალურ და ფსიქიკურ ზრდასა და განვითარებას. პედაგოგიურ თეორიაში ესთეტიკურ აღზრდას ხშირად უკავშირებენ მხოლოდ გრძნობებისა და წარმოსახვების სფეროს და აცალკევებენ ინტელექტუალური, ზნეობრივი და სხვა აღზრდისაგან. მაგრამ ეს სწორი არ არის. მშვენიერება მეცნიერებაში არანაკლებია და მშვენიერების იდეალის სწორი ფორმირება მხოლოდ გრძნობისა და გონების ურთიერთჰარმონიულობის პირობებშია შესაძლებელი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.