ვა ვე ვი ვუ
ვიზ ვიკ

ვიზუალური აზროვნება

აზროვნების ტიპი, რომელიც გულისხმობს პრობლემური ამოცანების შემოქმედებით ამოხსნას ხატოვანი მოდელირების პლანში. ვიზუალური აზროვნების საფუძველია თვალსაჩინოქმედითი და თვალსაჩინოხატოვანი აზროვნება, სადაც საგნობრივ-პრაქტიკულ და გრძნობით-პრაქტიკულ ქმედებათა მიმსგავსებისას ობიექტის თვისებებთან, ყალიბდება გარეგანი პერცეფციული ქმედებები. შემდგომ მიმდინარეობს ამ ქმედებათა შეკუმშვა და ინტერიორიზაცია. განვითარებული ფორმით აზროვნების ეს სახე ახასიათებთ წარმატებულ არქიტექტორებსა და დიზაინერებს. თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება ადამიანს ყოველთვის ხდის წარმატებულს, ნებისმიერი ცხოვრებისეული საკითხის ამოხსნაში. ვიზუალური აზროვნება იმიტომ არის ყველაზე უფრო ეფექტური, რომ ადამიანი ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს (სხვადასხვა წყაროს მიხედვით (75%დან 90%მდე) აღიქვამს მხედველობის გამოყენებით. შესაბამისად, თვალსაჩინო აზროვნება, რომლის საფუძველში ამოცანის მხედველობითი აღქმა ძევს, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური იქნება. მოსწავლის ვიზუალური აზროვნების განვითარებით მას ვაძლევთ საშუალებას, სწრაფად და ადვილად იპოვოს ამოცანის ამოხსნა, ადვილად მიაღწიოს დასახულ მიზანს და განიცადოს შემოქმედებითი ტკბობა არა მარტო მიღწეული შედეგით, არამედ შედეგის მიღწევის პროცესითაც. ამოცანაში მოცემულ და საძიებელ სიდიდეებს შორის მიმართებათა გათვალსაჩინოების მიზნით გამოიყენოს როგორც ხაზვის, ისე ხატვის ჩვევები, დახაზოს შესაძლო სქემები, დახატოს შესაძლო მიმართებათა ვარიაციები საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით. განვითარებული ვიზუალური აზროვნებისას ადამიანი ხედავს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მხედველობით. გარეგანი მხედველობის ორგანოა თვალი, შინაგანისა კი გონება. ეს უნარი ადამიანს მემკვიდრეობით ეძლევა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9