ინდივიდის შემეცნებითი საქმიანობის პროცესი, რომელიც ხასიათდება სინამდვილის განზოგადებული და გამეშვეობითებული ასახვით. ის ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი ღებულობს გარესამყაროდან, მას აძლევს საშუალებას, წარმოიდგინოს საგნის არა მხოლოდ გარეგანი მხარე, არამედ შინაგანიც, წარმოიდგინოს საგნები მაშინაც, როცა ის მათ ვერ ხედავს, წარმოიდგინოს მათი ცვლილება დროში, ინავარდოს აზრით უკიდეგანო და თვალუწვდენელ სივრცეებშიცა და მიკროსამყაროშიც. ყოველივე ეს შესაძლებელია მხოლოდ აზროვნების წყალობით. სინამდვილის საგნები, მოვლენები და პროცესები ხასიათდებიან ისეთი თვისებებითა და მიმართებებით, რომელთა უშუალო შემეცნება შეიძლება შეგრძნებებისა და აღქმების დახმარებით (ფერები, ბგერები, ფორმები, საგანთა განთავსება, განლაგება და გადაადგილება ხილულ სივრცეში). აზროვნება ხასიათდება ორი ძირითადი თავისებურებით. პირველი: ეს მისი გამეშვეობითობის უნარია. ის, რისი შემეცნებაც ადამიანს პირდაპირ არ შეუძლია, შეუძლია შეიმეცნოს ირიბად, გამეშვეობითებულად: ერთი თვისება შეუძლია შეისწავლოს მეორის მეშვეობით, უცნობი ცნობილის მეშვეობით. აზროვნება ყოველთვის ემყარება გრძნობითი გამოცდილების მონაცემებს შეგრძნებებს, აღქმებს, წარმოდგენებს და ადრე შეძენილ თეორიულ ცოდნას. ირიბი შემეცნება გამეშვეობითებული შემეცნებაა. მეორე: ეს არის მისი განზოგადებულობა. განზოგადება, როგორც სინამდვილის ობიექტებში ზოგადისა და არსებითის შემეცნება, შესაძლებელია იმიტომ, რომ ამ ობიექტების ყველა თვისება დაკავშირებულია ერთმანეთთან. ზოგადი არსებობს და ვლინდება ცალკეულში, კონკრეტულში. განზოგადებას ადამიანები გამოხატავენ მეტყველების, ენის საშუალებით. ამიტომ აზროვნება არ არსებობს ენისა და მეტყველების გარეშე. თვალსაჩინო-ქმედითი, თვალსაჩინო-ხატოვანი და სიტყვიერ-ლოგიკური აზროვნება განიხილება როგორც აზროვნების განვითარების ეტაპები ფილოგენეზსა და ონტოგენეზში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.