ზნეობა საზოგადოების ცხოვრებისა და ხალხის ქცევის ისეთი სფეროა, რომელიც ახასიათებს მათში კაიკაცობის, სულიერების, სამართლიანობის, სიკეთის, სიქველის, წესიერების, ღირსების, სინდისის, მოვალეობის, პასუხისმგებლობისა და სხვა ძვირფასი იდეალების პრაქტიკულ განსახიერებას. ზნეობა ხალხისა და მოქალაქეების ზნეობრივი შეგნების, მათი ზნეობრივი აღზრდის გამოვლინებაა. ზნეობრივ (მორალურ) ნორმებში ესმით დაუწერელი ნორმები, რომლებსაც აფასებს ხალხი, ამიტომ ისინი ძალდაუტანებლად, თავიანთი კეთილი ნებით მისდევენ მათ. ადამიანს ზნეობრივად აღზრდილს უწოდებენ, თუ ის ყველგან და ყოველთვის მისდევს იდეალებსა და ნორმებს, იცავს სიკეთესა და სამართლიანობას, ებრძვის ბოროტებასა და უსამართლობას. ზნეობა ფასდებოდა ყოველთვის, ყველა ქვეყანასა და ყველა დროში. ზნეობრივი აღზრდისადმი მიმართების გადასინჯვა და მისი განხორციელება მუდმივად და უწყვეტადაა საჭირო და ამაში წამყვანი როლი ეკისრება საგანმანათლებლო დაწასებულებებსა და პედაგოგიკურ მეცნიერებებს. ამ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ძლიერდება ბავშვებზე კომპიუტერისა და ვირტუალური სამყაროს (ინტერნეტის) ზნეობრივი გავლენა. მართალია, ბავშვების განვითარებასა და აღზრდაში მსოფლიო ქსელს ბევრი სასარგებლო მოაქვს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მისი გავლენა დამღუპველია. იმისათვის, რომ გლობალური ქსელი ზნეობრივი აღზრდისათვის დამღუპველი არ იყოს, აუცილებელია დიდი ყურადღება მიექცეს ყოველ სიახლეს ბავშვების ცხოვრებაში და გაგება იმისა, რომ კაცობრიობა ორ პარალელურ სამყაროში ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს კვლავაც. ზნეობრივი აღზრდა ცნებების, მსჯელობების, აზრების, გრძნობების, განცდების, მრწამსების, უნარებისა და ჩვევების ფორმირებაა, საზოგადოების ნორმების შესაბამისად და ეროვნული შეფერილობით. მორალი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.