აზროვნების ტიპი, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანმა ზოგადად უნდა ამოხსნას ის ამოცანები, რომლებიც ექვემდებარება ძირითადი კანონზომიერებისა და წესების ძიებას, სიტუციის ტიპის გარკვევას. ასეთი ტიპის ამოცანები ექვემდებარება არა კონკრეტული სიტუაციის მოთხოვნებს, არამედ ზოგადი ცნებებით ოპერირების, ურთიერთკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულებების დანახვის უნარს. სხვა სიტყვებით, თეორიული აზროვნება მდგომარეობს კანონებისა და წესების შემეცნებაში. იგი კანონზომიერებებისა და ტენდენციების დონეზე ასახავს არსებითს საგნებში, მოვლენებში, პროცესებში, კავშირებში. მათ შორის. თეორიული აზროვნების პროდუქტებია, მაგალითად, მენდელეევის პერიოდული სისტემის, მათემატიკური (ფილოსოფიური) კანონების აღმოჩენა და სხვ. თეორიულ აზროვნებას ზოგჯერ უდარებენ ემპირიულს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან განზოგადების ხასიათით. თეორიულ აზროვნებაში ადგილი აქვს აბსტრაქტულ ცნებათა განზოგადებას, ხოლო ემპირიულ აზროვნებაში ზოგადდება გრძნობითად მოცემული ნიშნები, რომლებიც გამოყოფილია შედარების გზით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.