თა თე თვ თო
თვა თვი

თვალსაჩინოება

სწავლების ერთ-ერთი დიდაქტიკური პრინციპი. თვალსაჩინოების პრინციპი გამომდინარეობს მოსწავლის მიერ სასწავლო მასალის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების პროცესის არსიდან. შემეცნების ამოსავალი პუნქტია, როგორც ვიცით, „ცოცხალი განჭვრეტა“. შემეცნების თეორიის თვალსაზრისით „ცოცხალი განჭვრეტა“ არის შემეცნების პირველი საფეხური, ადამიანის ტვინში ობიექტური სინამდვილის უშუალო ასახვის პროცესი. „ცოცხალი განჭვრეტისა“ და „თვალსაჩინოების“ გაიგივება შეცდომაა, რადგანაც „ცოცხალი განჭვრეტა“ პროცესია შემეცნების გარკვეულ ეტაპზე, „თვალსაჩინოება“ კი შემეცნების თვისებაა, რომელიც მას ახლავს მის ყველა ეტაპზე. თვალსაჩინო მასალის აღქმა არ არის წმინდა ჭვრეტითი აქტი. ეს პროცესი ლოგიკურ აზროვნებასთან და სახეებით ოპერირებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ცოცხალი ჭვრეტა ხელს უწყობს მოსწავლის კონკრეტულ-გრძნობადი მოქმედების განხორციელებას. ამის შედეგად მოსწავლეთა ცნობიერებაში იქმნება სუბიექტური სახეები ანუ პირველი ფსიქიკური მოდელები, რომლებიც შემეცნების შემდგომ ეტაპზე გამოიყენება როგორც იდეალური აზროვნებითი მოდელები. მაგალითად, დაწყებით კლასებში რიცხვის ცნების ფორმირებისას მოდელად გამოიყენება კონკრეტული საგნები (ჩხირები, ფანქრები, სამკუთხედები და ა. შ.), უფრო მაღალ ეტაპზე, ასოების გაცნობის დროს, მოდელის როლს თამაშობს თვით რიცხვი. მაშასადამე, თვალსაჩინოების საშუალებანი ორი სახისაა: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი თვალსაჩინოების საშუალებაა ყოველი გრძნობად-აღქმადი ობიექტი. ამა თუ იმ საკითხის შესწავლის შემდეგ მოსწავლეთა გონებაში წარმოიშობა გარკვეული აზროვნებითი თვალსაჩინო სახეები (ასოციაცია ან ასოციაციათა სისტემა), რომლებიც, როგორც ვთქვით, შემდგომ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თვალსაჩინოების შინაგანი საშუალებანი. ყოველი გაკვეთილის დატვირთვა გარეგანი თვალსაჩინოების საშუალებებით უდავოდ უარყოფითი შედეგის მომტანია. ხშირად მოხდება მოსწავლის აზროვნების განვითარების დამუხრუჭება. აუცილებელია, რომ სწავლების პირველ წელს გამოყენებულ იქნას გარეგანი თვალსაჩინოების საშუალებანი, შემდეგ, პედაგოგიურ პროცესში, გარეგან საშუალებათა გამოყენება თანდათანობით, მოსწავლისათვის შეუმჩნევლად, კლებულობს, ამასთან, შემოდის და მატულობს შინაგან საშუალებათა გამოყენება. სწავლების მეოთხე წლის ბოლოს გარეგან საშუალებათა გამოყენება, შინაგანთან შედარებით, იშვიათია. სწავლების თვალსაჩინოების პრინციპის სწორი რეალიზაცია მეტად მნიშვნელოვანია და იგი პირველ რიგში უნდა შეესაბამებოდეს ინტელექტუალურად განმავითარებელი სწავლების პრინციპის რეალიზაციის კანონზომიერებებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9