აზროვნების ტიპი, რომლის საშუალებითაც ადამიანი ოპერირებს ობიექტების თვალსაჩინო გამოსახვებით (ნახატი, სქემა, გეგმა). საგნის სახე (ხატი) საშუალებას აძლევს, ერთმთლიან სურათში გააერთიანოს რამდენიმე სხვადასხვაგვარი პრაქტიკული ოპერაცია. ფართოვდება ხელის ინტელექტის მოქმედების სფერო. აზროვნების განვითარების ამ ეტაპზე გამოიყოფა სიტუაციაში ორიენტირების ფაზა. ინდივიდუალური განვითარების პროცესში, აზროვნების განვითარების ამ დონეზე, წარმოიქმნება ხმამაღალი მეტყველება, როგორც ორიენტირების ფაზის თანმხლები. ეს არის სიტუაციის ხმამაღალი აღწერა ჯერ უფროსებისგან დახმარების მისაღებად, შემდეგ თვით ბავშვის ორიენტაციაში გარკვევისა და ყურადღების ორგანიზაციისათვის. ამ მეტყველებას თავიდან აქვს გაშლილი, გარეგანი ხასიათი, შემდეგ თანდათანობით იკუმშება, გადადის შინაგან მეტყველებაში და შეადგენს შინაგანი ინტელექტუალური საქმიანობის საფუძველს. ეს აზროვნება ეფუძნება წარმოდგენათა სახეებს, სიტუაციების გარდაქმნას სახეების პლანში. აზროვნების ეს ტიპი დამახასიათებელია ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა: პოეტები, მხატვრები, არქიტექტორები, პარფიუმერები, მოდელების ოსტატები. ამ აზროვნების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დახმარებით უფრო სრულად ხდება ობიექტის მახასიათებელთა მრავალსახოვნების კვლავწარმოება, უფრო ადვილად მიმდინარეობს საგნებისა და მათი თვისებების უჩვეულო შეხამებების დადგენა. მარტივი ფორმით ეს აზროვნება წარმოიშობა სკოლამდელ ასაკში, როცა ბავშვები აზროვნებენ სახეებით. როცა მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წაკითხულის საფუძველზე სახეების შექმნის, ობიექტების აღქმის, სქემატურად და სიმბოლურად მათი გამოსახვის სტიმულს, მაშინ იგი მოსწავლეებში ავითარებს ხატოვან აზროვნებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.