ფართო გაგებით განიხილება როგორც ინდივიდის მიერ თავისუფალ ნებასურვილზე დამოკიდებული არჩევანი თავისი ცხოვრებისეული გზის, საზოგადოებაში თავისი ადგილის, ცხოვრების რაგვარობისა და საქმიანობის სახეებისა, ასევე, პრობლემურ და კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევათა გზების. თვითგამორკვევა ერთ-ერთია „მე-კონცეფციის“ სხვა ცნებათა შორის: თვითსწავლება, თვითშეგნება, თვითშემოქმედება, თვითკონტროლი, თვითრეგულაცია, თვითგანვითარება, თვითკორექცია, თვითსრულყოფა, თვითმართვა, თვითფორმირება, თვითდისციპლინა, თვითშემეცნება და სხვა. თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი ასპექტია პროფესიონალური თვითგამორკვევა. პროფესიონალური თვითგამორკვევა მრავალგანზომილებიანი და მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა თვალსაზრისით:
სოციოლოგიური მიდგომით,
სოციალურ-ფსიქოლოგიური მიდგომით,
დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური მიდგომით. პირველი მიდგომით თვითგამორკვევა არის სერია იმ ამოცანებისა, რომლებსაც საზოგადოება აყენებს პიროვნების წინაშე. მეორე მიდგომით იგი იმ გადაწყვეტილებათა მიღების ეტაპობრივი პროცესია, რომელთა მეშვეობითაც ინდივიდი აყალიბებს ბალანსს საკუთარ უპირატესობამისანიჭებლებსა და საზოგადოებაში შრომის განაწილების სისტემის მოთხოვნათა შორის. მესამე მიდგომით თვითგამორკვევა ცხოვრების ინდივიდუალური სტილის ფორმირების პროცესია, რომლის ნაწილიცაა პროფესიონალური საქმიანობა. მესამე მიდგომის პოზიციიდან პროფესიონალური თვითგამორკვევა წარმოადგენს ინდივიდის „მე“ კონცეფციას, რომელიც ასახავს მის გაგებებს, განცდებს, სურვილებს, კონკრეტულ საგნობრივ მოქმედებებს პროფესიონალურ საქმიანობაში. მაშასადამე, პროფესიონალური თვითგამორკვევა არის არა მარტო არჩევანის აქტი, არამედ დინამიკური ხასიათის მქონეცაა და ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე ხორციელდება. მე-კონცეფცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.