ერთ-ერთი ძირითადი აზროვნებითი ოპერაცია წარმოდგენების აზრითი კონსტრუირება იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს ან განუხორციელებადია, მაგრამ ისეთებია, რომელთათვისაც რეალურ სამყაროში წინასახეები არსებობს. ეს არის აბსტრაჰირების სპეციფიკური ხერხი. იდეალიზაციის პროცესში წარმოიქმნება ახალი ცნებები, რომლებსაც გააჩნია არა მარტო მათი რეალური წინასახეებისაგან განყენებული თვისებები, არამედ წარმოსახვითი თვისებებიც, რომლებიც არ გააჩნდა ამოსავალ ობიექტებს. გეომეტრიის იდეალური ობიექტების კავშირი რეალურ სინამდვილესთან რთულია, მაგრამ იდეალიზაციის პროცესი გვაძლევს საშუალებას, რომ იდეალიზირებული ობიექტების შესწავლის გზით გავიადვილოთ მათი წინასახეების შესწავლა. აქ ჩვენ უგულებელვყოფთ რეალურ სამყაროში იდეალიზირებული ობიექტების წარმოშობის ან აგების შეუძლებლობას. იდეალიზირებული ობიექტები არ არსებობს როგორც სინამდვილის რეალური საგნები. მაგრამ, თუ წარმოვქმნით ასეთ ცნებებს და როგორც რეალურ საგნებზე მოვახდენთ მათზე ოპერირებას, შეიძლება უფრო დაუმახინჯებლად, ღრმად, შევისწავლოთ და შევიმეცნოთ ობიექტური სამყაროს ესა თუ ის მხარე, თვისება, მიმართება. გეომეტრიულ ცნებათა დიდძალი რაოდენობაა წარმოქმნილი იდეალიზაციის აბსტრაქციით. იდეალიზაციის შედეგია ცნებები: წერტილი, წრფე, სიბრტყე, სფერო, ტრაპეცია და მრავალი სხვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გეომეტრიაში გეომეტრიული ფიგურების იდეალიზაციის შემდეგ გამოიყენება გაიგივების აბსტრაქცია. ასეა მიღებული, მაგალითად, ყველა ტრაპეციიდან ტრაპეციის ზოგადი ცნება და ასე შემდეგ. მატერიალურ სინამდვილეში, მკაცრად რომ ვთქვათ, ვერ ვიპოვით კვადრატს, სამკუთხედს, წრფეს და სხვა მსგავს ობიექტებს. სხვა სიტყვებით, ამ ობიექტების ფორმირება არ შეიძლება გავიგოთ როგორც ადამიანის მიერ გარესამყაროს მოვლენებში რომელიღაც მათემატიკური თვისებების გამოყოფის შედეგი. ისინი შემოქმედებითი წარმოსახვის, ლოგიკური კონსტრუირების, იდეალიზაციის შედეგია. იდეალიზაცია მჭიდროდაა დაკავშირებული მოდელირებასთან და იგი ერთ-ერთი ოპერაცია-მეთოდია, რომელიც აუცილებლად ახლავს მასწავლებლისა თუ მოსწავლის ნებისმიერ სასწავლო საქმიანობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.