(გაიგივება)ადამიანის მიერ თავისი თავის გაიგივება სხვა ადამიანთან (ადამიანთა ჯგუფთან, სახესთან, იდეალთან), რის საფუძველზეც ხდება იდენტიფიკაციის ობიექტის (ურთიერთობაში მონაწილე პარტნიორის) „მიღება“ საკუთარი თავის სახით (საკუთარ თავად). ყოველდღიურ მეტყველებაში ეს ნიშნავს თავისი თავის დაყენებას სხვის ადგილას. იდენტიფიკაცია არის ურთიერთობაში მონაწილე პარტნიორის შემეცნებისა და გაგების ერთ-ერთი შესანიშნავი ხერხი. იგი ასახავს ადამიანის სოციალიზაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, ვლინდება ინდივიდის მიერ ჯგუფში შესვლისას გარკვეული სოციალური როლის მიღებაში, მის მიერ ჯგუფური მიკუთვნების გაცნობიერებაში, მასში სოციალურ განწყობათა ფორმირებაში. აღსანიშნავია, რომ იდენტიფიკაციისა და იდენტურობის მრავალი და სხვადასხვა განსაზღვრა არსებობს. მათ შორის, ფსიქოლოგიურ პროცესებში ეს არის ამა თუ იმ საგნის გამოცნობა, იგივურობის დადგენა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.