ლოგიკური დასკვნის პროცესი, რომლის საფუძველია კერძო დებულებიდან ზოგადზე გადასვლა. ინდუქციური მტკიცება კერძო წანამძღვრებს დასკვნასთან აკავშირებს არა მკაცრად ლოგიკური კანონების მიხედვით, არამედ რომელიღაც ფაქტობრივი, ფსიქოლოგიური ან მათემატიკური წარმოდგენების საფუძველზე. ინდუქციური დასკვნის ობიექტური საფუძველია ბუნებაში მოვლენების უზოგადესი კავშირები. ლოგიკაში ინდუქცია კერძოდან ზოგადისაკენ მტკიცების მეთოდს წარმოადგენს. საპირისპიროა დედუქცია. არჩევენ ინდუქციის სამ სახეს:
სრული ინდუქცია დამტკიცების მეთოდი, რომლის დროსაც დებულება მტკიცდება კერძო შემთხვევების სასრული რაოდენობისათვის, როცა ეს რაოდენობა ამოწურავს ყველა შესაძლებლობას;
არასრული ინდუქცია ცალკეულ კერძო შემთხვევებზე დაკვირვებებს მივყავართ ჰიპოთეზამდე, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას;
მათემატიკური ინდუქცია დამტკიცების მეთოდი ნატურალური რიცხვების ან ობიექტების მიმდევრობისათვის, სადაც ეს ობიექტები ცალსახადაა გადანომრილი ნატურალური რიცხვებით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.