ჟან პიაჟეს თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ინტელექტი აქტიურია. თუ ახალი ინფორმაცია შეესაბამება არსებულ სტრუქტურებს, მაშინ იგი შეთვისებადია, მისი შეთვისება კანონზომიერად მიმდინარეობს. ეს არის ასიმილაციის პროცესი. თუკი არ შეესაბამება, მაგრამ ინტელექტი ცვლილებისათვის მზად არის, მაშინ მიმდინარეობს აკომოდაცია, ე. ი. ინტელექტუალური სტრუქტურების ცვლილება ახალი ცოდნის ძველთან შეერთების მიზნით. ჟან პიაჟე ინტელექტის განვითარებას განიხილავს როგორც ასიმილაციისა და აკომოდაციის გაწონასწორების, ინფორმაციის შეთვისებისა და მისი გადამუშავების სქემების, ხერხების სრულყოფის გზით გარემოსთან ადაპტაციის ფორმას. ინტელექტის განვითარება, პიაჟეს მიხედვით, გადის ოთხ სტადიას:
სენსომოტორიკული ინტელექტი (დაბადებიდან ორ წლამდე) ვლინდება მოქმედებებში: ითვისებს ყურებისა (თვალიერების) და ტაცების სქემებს, წრიულ რეაქციებს, როცა ბალღი იმეორებს მოქმედებას, მოელის, რომ გამეორდება მისი ეფექტი (ძირს აგდებს სათამაშოს და ელოდება დაცემის ხმას).
ოპერაციამდელი სტადია (ორიდან შვიდ წლამდე). ბავშვები ითვისებენ მეტყველებას, მაგრამ სიტყვით აერთებენ საგნების როგორც არსებით, ისე გარეგან თვისებებს. ამიტომ მათი ანალოგიები და მსჯელობები ხშირად მოულოდნელი და არალოგიკურია: ქარი იმიტომ ქრის, რომ ხეები ირხევიან და სხვა.
კონკრეტული ოპერაციების სტადია (შვიდიდან თორმეტ წლამდე). ბავშვები იწყებენ ლოგიკურ აზროვნებას, შეუძლიათ ცნებათა კლასიფიცირება და მათი განსაზღვრის მოცემა, მაგ რამ ყოველივე ეს მხოლოდ კონკრეტულ ცნებებსა და თვალსაჩინო მაგალითებზე.
ფორმალური ოპერაციების სტადია (თორმეტიდან თექვსმეტ წლამდე). ბავშვები ოპერირებენ აბსტრაქტული ცნებებით, კატეგორიებით „რა იქნება, თუკი ...“, გაეგებათ მეტაფორები, შეუძლიათ ანგარიშში მიიღონ სხვების აზრები, როლები და იდეალები. ეს უკვე მოწიფულის ინტელექტია. შეიძლება თუ არა სტადიების ცვლის დაჩქარება? პიაჟეს აზრით, ასეთ დაჩქარებას აზრი არა აქვს. მნიშვნელოვანია არა სტადიების მსვლელობის დაჩქარება, არამედ ის, რომ ბავშვებს მიეცეს სასწავლო მასალის საკმარისი რაოდენობა, რომ მათი ინტელექტის არც ერთი უბანი. განუვითარებელი. სტადიები განისაზღვრება ნერვული სისტემის მომწიფების ბიოლოგიური კანონებით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.