ვარაუდი, რომლის ჭეშმარიტობა თვალსაჩინო არ არის და საჭიროებს შემოწმებასა და დამტკიცებას. ჰიპოთეზა წარმოგდგება კვლევის შედეგის წინასწარი განჭვრეტის ფორმით. იმისათვის, რომ მკვლევარმა ჰიპოთეზა წამოაყენოს, მან საკმაოდ ბევრი უნდა იცოდეს საკვლევი ობიექტის შესახებ. ჰიპოთეზა ითვლება მეცნიერულად, თუ იგი აკმაყოფილებს მეცნიერულ მეთოდს, მაგალითად, პოპერის კრიტერიუმს, ესეიგი პოტენციურად შემოწმებადია კრიტიკული ექსპერიმენტით. ჰიპოთეზა შეიძლება განისაზღვროს, აგრეთვე, როგორც ცოდნის განვითარების ფორმა, რომელიც წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს, წამოყენებულს საკვლევი მოვლენის თვისებებისა და მიზეზების გამოვლენისა და გამორკვევის მიზნით. ჰიპოთეზის წამოყენება ხდება, როგორც წესი, დაკვირვებების შედეგად და ამიტომ იგი დამაჯერებლად გამოიყურება. ჰიპოთეზას საბოლოოდ ან ამტკიცებენ და აქცევენ მას დადგენილ ფაქტად ან უარყოფენ, უკუაგდებენ (მაგალითად, კონტრმაგალითის ჩვენებით) და გადაჰყავთ იგი მცდარ დებულებებში. ჰიპოთეზას, რომელიც არც დამტკიცებულია და არც უარყოფილი, ღია პრობლემა ეწოდება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.