შესაბამისობის ერთ-ერთი თეორია, რომელიც ემყარება იმ გარემოებას, რომ ადამიანს მიაწერენ სამყაროსადმი მისი მიმართების გამართული და მოწესრიგებული აღქმისაკენ სწრაფვას. კოგნიციური დისონანსის მიხედვით, არათავსებადი კოგნიციური ელემენტების მიერ შექმნილი დაძაბულობა ადამიანს უბიძგებს იმისკენ, რომ შეეცადოს ასეთი დაძაბულობის შემცირებას. კოგნიციური დისონანსი კონფლიქტის მდგომარეო– ბაა, რომელსაც ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენის, გრძნო| ბებისა და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შემდეგ. დისონანსს მოტივაციური ძალა აქვს. ის უსიამოვნო გრძნობის შემცირებაზე მიმართული ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს ადამიანს. დისონანსის შემცირების მოტივაცია იზრდება კოგნიციური შეუსაბამობით შექმნილი დისონანსის ზომის შესაბამისად: რაც უფრო ძლიერია დისონანსი, მით უფრო დიდია მისი რედუცირების მოტივაცია. კოგნიციურ დისონანსს დიდი ძალა აქვს. მას შეუძლია დამოკიდებულებებისა და ქცევების შეცვლა. ბიბლიური დროის ბრძენებმა იცოდნენ ეს პრინციპი. ისინი რაბინებს ავალებდნენ, რომ ადამიანებისგან არ მოეთხოვათ რწმენის დადასტურება მანამ, სანამ ისინი არ ილოცებდნენ. მხოლოდ ლოცვის შემდეგ ითხოვდნენ მათგან რწმენის აღიარებას. ძლიერი დისონანსის პირობებში მომხდარი ფაქტის შემდეგ ინდივიდი საკუთარი ქცევის გამართლებას ცდილობს და თვითდარწმუნებას იწყებს. ეს ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ დამოკიდებულებების შეცვლის ერთ-ერთი გზა, პირველ რიგში, ქცევის შეცვლაა. კოგნიციური დისონანსის თეორია სოციალური ფსიქოლოგიის სფეროს განეკუთვნება და მისი ავტორია ლეონ ფესტინჯერი (1957).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.