გაკვეთილის ყველაზე გავრცელებული ტიპი. ასეთი გაკვეთილის ელემენტების რაოდენობა შეიძლება სრულიად სხვადასხვა იყოს. კიდევ უფრო მრავალფეროვანია გაკვეთილის ელემენტებს შორის მიმართებანი და კავშირები. მაგალითად, კომბინირებულ გაკვეთილზე ზეპირი პასუხების დროს შეიძლება ჩატარდეს საშინაო დავალების ანალიზი ცოდნის კონტროლის მიზნით და, აგრეთვე, მუშაობა მიღებული ცოდნის გამოყენების ჩვევების განვითარებაზე. ცოდნის განმტკიცების დროს საჭიროა განხორციელდეს ცოდნისა და უნარ-ჩვევების კონტროლი და ამ ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების ჩვევების განვითარება. ახალი მასალის ახსნის დროს შეიძლება მაშინვე იქნეს ორგანიზებული მისი განმტკიცება და გამოყენება. გაკვეთილის ასეთი კომპლექსური ურთიერთმოქმედება გაკვეთილს ხდის მრავალმიზნიანს და ფრიად ეფექტურს. კომბინირებულ გაკვეთილზე იხსნება გაკვეთილების ყველა დანარჩენი ტიპის დიდიქტიკური ამოცანები. ამიტომ დაერქვა მას კომბინირებული. ამ გაკვეთილის სტრუქტურაში მაინც გამოყოფენ ძირითად ელემენტებს, რომლებიც მის მეთოდიკურ ქვესტრუქტურებს წარმოადგენენ, ესენია:
მოსწავლეთა ორგანიზაცია მეცადინეობისათვის.
სიღრმისა და შეთვისების სიმტკიცის ხარისხის გამოვლენა და მიმდინარე გაკვეთილზე შესასწავლი ახალი მასალის გააზრიანებისათვის არსებული ცოდნისა და საქმიანობის ხერხების აქტუალიზაცია.
მასწავლებლის მიერ ახალი მასალის შემოტანა და მოსწავლეთა მუშაობის ორგანიზაცია, ორიენტირებული მის გააზრებასა და შეთვისებაზე.
ახალი მასალის პირველადი განმტკიცება და მუშაობის ორგანიზაცია, ორიენტირებული მოსწავლეთა მიერ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევების გამომუშავებაზე.
საშინაო დავალების მიცემა და ინსტრუქტაჟი მისი შესრულების თაობაზე.
გაკვეთილის შედეგების შეჯამება საგაკვეთილო ქულების განსაზღვრით, ცალკეული მოსწავლის მთელი გაკვეთილის მანძილზე მუშაობის შეფასებით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.