გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის უფლებებს მონაწილე სახელმწიფოებში. კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ არის აუცილებელი ხასიათის პირველი და ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ეძღვნება ბავშვის უფლებათა ფართო სპექტრს. დოკუმენტი შედგება 54 სტატიისაგან, სადაც ხდება დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პირთა ინდივიდუალური უფლებების დეტალიზირება (თუ მოქმედი კანონის თანახმად სრულწლოვანება არ დგება ადრე). კონვეფციის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვთა სრულყოფილად მომზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღზარდოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წელს ერთხმად მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. ეს კონვენცია საქართველოში 1994 წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.