ეს არის აზროვნება, რომელიც ორიენტირებულია გამოსაკვლევის ჭეშმარიტი აზრის დაუფლებაზე. ჩვენ მივეჩვიეთ ინფორმაციის შთანთქმას და დასკვნების გაკეთებისას ხშირად ჩვენთვის კარგად ცნობილ მეთოდებს ვიყენებთ და საკუთარ გამოცდილებას, სტერეოტიპებს ვემყარებით. ამიტომ პრობლემის განსაზღვრისას არაიშვიათად დავდივართ წრეზე, რადგანაც პრობლემის ამოხსნა შეუძლებელია იმავე დონეზე, რომელზედაც იგი წარმოიშვა. კონცეფტუალური აზროვნება საშუალებას გვაძლევს, გავიდეთ ჩარჩოებიდან, დავინახოთ სხვადასხვა თვალსაზრისების მრავალფეროვნება, მათგან გაცნობიერებულად შევარჩიოთ ერთი და მისი მეშვეობით ჩვენთვის საჭირო მიზნით გამოვიკვლიოთ გამოსაკვლევი. კონცეფტუალური აზროვნება ეს არის მათემატიკა, ფილოსოფია, ლოგიკა, სისტემური მიდგომა, აბსტრაჰირებებითა და ინტერპრეტირებებით ოპერირება და სხვა მრავალი. მას აქვს ორი ურთიერთდაკავშირებული ასპექტი: შემეცნებითი პროცესები, რომლებიც უპირატესად ანალიზურ ხასიათს ატარებენ, და შემოქმედებითი, კონსტრუქციული პროცესები, სადაც სინთეზი ჭარბობს. ერთნი ამბობენ, რომ სამყარო რთულია, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ სამყარო მარტივია. კონცეფტუალური აზროვნების თვალსაზრისით რთულის დაუფლება მარტივის მეშვეობით შეიძლება. კონცეპტუალური აზროვნება არის რთული სისტემების ანალიზისა და პროექტირების მეთოდოლოგია. მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ობიექტის აღწერისათვის ძალიან დისციპლინირებულად უნდა იქნეს გამოყენებული ცნებათა უკიდურესად შეზღუდული წრე, ყოველი მათგანის ღრმად გაცნობიერებით, სხვა სიტყვებით, ყოველი ცნების აზრი და შინაარსი ასახული უნდა იყოს სხვა ურთიერთდაკავშირებულ ცნებათა რომელიღაც სისტემაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.