შექმნა, შემოქმედება ინდივიდის შემოქმედებითი უნარები, რომლებიც ხასიათდება:
პრინციპიალურად ახალი იდეების მიღებისა და შექმნისათვის მზაობით;
აზროვნების ტრადიციული ან მიღებული სქემების უარყოფის შეძლებით;
ნიჭიერების სტრუქტურაში დამოუკიდებელი ფაქტორის სახით დომინანტობით;
სტატიკური სისტემის შიგნით წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის შეძლებით. ეს არის შემოქმედებითი ნიჭიერების დონე, შემოქმედების წიჭი, რაც შეადგენს პიროვნების შეფარ-დებით მტკიცე მახასიათებელს. თავდაპირველად კრეაციულობა განიხილებოდა როგორც ინტელექტის ფუნქცია, და ინტელექტის განვითარების დონე გაიგივებული იყო კრეაციულობის დონესთან. შემდგომ გაირკვა, რომ ინტელექტის დონე კორელირებს კრეაციულობასთან გარკვეულ ზღვრამდე, ხოლო ძალიან მაღალი ინტელექტი დაბრკოლებას უქმნის კრეაციულობას. სადღეისოდ კრეაციულობა განიხილება როგორც ერთმთლიანი პიროვნების ფუნქცია, რომელიც არ დაიყვანება ინ ტელექტზე და, რომელიც დამოკიდებულია პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლების მთელ კომპლექსზე. შესაბამისად, კრეაციულობის შესწავლის მთავარი მიმართულებაა იმ პიროვნული თვისებების გამოვლენა, რომლებთანაც დაკავშირებულია იგი. გამოდის, რომ ტერმინები „კრეაციულობა“ და „შემოქმედებითი უნარები“ თუმცა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ ერთმანეთის იდენტური მაინც არ არის. კრეაციულობის მახასიათებელთა შორის ძირითადია:
შეუფერხებლობა (იდეების რაოდენობა, რომელიც იქმნება დროის ერთეულში),
მოქნილობა (ერთი იდეიდან მეორეზე გადართვის უნარი),
აზროვნების ორიგინალურობა (არსებულისაგან განსხვავებული იდეების პროდუცირების უნარი),
ცოდნისმოყვარეობა (ამაღლებული მგრძნობიარობა იმ პრობლემებისადმი, რომლებიც სხვებში ინტერესს არ იწვევს),
ირელევანტურობა (რეაქციების ლოგიკური დამოუკიდებლობა სტიმულებისგან),
ფანტასტიკურობა (პასუხის სრული მოწყვეტა რეალობისგან, სტიმულისა და რეაქციის განსაზღვრული ლოგიკური კავშირის არსებობისას). მასლოუს თანახმად, კრეაციულობა მემკვიდრეობით ახასიათებს ყველას, მაგრამ უმრავლესობას მას აკარგვინებს აღზრდისა და განათლების დამკვიდრებული სისტემა და სოციალური პრაქტიკა. ყოველდღიურ ცხოვრებაში კრეაციულობა ვლინდება როგორც მიხვედრილობა, საზრიანობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.