განსაკუთრებული პროფესიონალური პოზიცია, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეებზე გავლენას, იძლევა გადაწყვეტილებათა მიღების, შეფასების გამოხატვის, რჩევების მიცემის უფლებას. მასწავლებლის ჭეშმარიტი ავტორიტეტი ემყარება არა თანამდებობრივ და ასაკობრივ პრივილეგიებს, არამედ აღმზრდელის მაღალ პიროვნულ და პროფესიონალურ თვისებებს: აღსაზრდელებთან თანამშრომლობის დემოკრატიულ სტილს, ემპათიას, ღია, გახსნილი ურთიერთობის უნარს, მასწავლებლის პოზიტიურ „კონცეფციას“, მის მისწრაფებას მუდმივი სრულყოფისაკენ, ერუდიციულობას, კომპეტენტურობას, სამართლიანობასა და სიკეთეს, ზოგად კულტურას. მასწავლებლის ავტორიტეტის ირადიაცია ეს არის ავტორიტეტის გადატანა საქმიანობის იმ სფეროებზე, სადაც ავტორიტეტულ გავლენაზე მასწავლებლის უფლება ჯერ არ შემოწმებულა. ავტორიტეტის სპეციფიკაცია ეს არის ადამიანის ავტორიტეტის აღიარება მხოლოდ რომელიმე ერთ სფეროში, სხვა სფეროებში მის ავტორიტეტზე საუბარი არ არის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.