kválus დაშლა, დანაწევრება მთელის (საგნის, ცნების, თვისების, პროცესის ან საგანთა შორის მიმართების) შემადგენელ ნაწილებად აზრითი ან რეალური დანაწევრების ოპერაცია, რომელიც სრულდება შემეცნების პროცესში ან ადამიანის საგნობრივ-პრაქტიკულ საქმიანობაში. სინთეზთან ერთიანობაში ანალიზი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ აუცილებელი ინფორმაცია კვლევის ობიექტის სტრუქტურის შესახებ, აგრეთვე, ფაქტების საერთო მასიდან გამოვყოთ ის, რომლებიც უშუალოდ განეკუთვნება განსახილველ საკითხს. ამასთან, ანალიზი კვლევის მეთოდიცაა. პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიურ კვლევებში გამოიყენება ანალიზის სხვადასხვა ფორმა: კლასიფიკაციური ანალიზის საშუალებით ხორციელდება მეცნიერული კვლევის პირველი, აღწერითი სტადია იმ მიზნით, რომ მოხდეს მოვლენების მოწესრიგება და სისტემატიზირება მსგავსების, მოსაზღვრეობისა და განმეორებადობის საფუძველზე. მიმართებათა ანალიზი შემეცნების უფრო რთული ეტაპია, რომლის მიზანია შესასწავლი მოვლენების არსის გაგების გაღრმავება, ამ მოვლენების განვითარების პროცესის შესწავლა შესასწავლის ნაწილებად დაშლისა და ამ ნაწილებს შორის მიმართებათა შესწავლის გზით, ესეიგი. ფუნქციონალური დამოკიდებულებების გამოვლენით. მაგრამ მიმართებათა ანალიზი ვერ ხსნის მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ცვლილებათა მთავარ განმსაზღვრელს. ამ კავშირს ხსნის კაუზალური (ლათინური. causalis „მიზეზობრივი“) ანალიზი, რომელსაც მკვლევარი მიჰყავს ისეთ არსებით მიმართებათა აღმოჩენისკენ, რომლებიც მოვლენათა მიზეზებს წარმოადგენენ, მიჰყავს მეცნიერული კანონების აღმოჩენისკენ. კაუზალური ანალიზი იზოლირებულად სწავლობს მიზეზსა და შედეგს, ამ შემთხვევაში და ამ მიზნით მას მოვლენა ცალკე ამოაქვს ზოგადი კავშირებიდან. ამოდის რა სინამდვილის გაგებიდან როგორც ერთიანისა, შემდგარის ურთიერთგანმაპირობებელი ნაწილებისაგან, დიალექტიკური ანალიზი ცალმხრივ კაუზალობას ძლევს და გულისხმობს მოვლენის განხილვას ზოგად კავშირებში და განვითარებაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.