ადამიანთა საქმიანობა, ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მოვლენა, რომელშიც ენობრივი კოდი და ნიშანთა სისტემაა გამოყენებული. მეტყველება ეს არის ენა მოქმედებაში. მეტყველებაში ენობრივი ერთეულები, სრულიად სხვადასხვა ურთიერთმიმართებაში ყოფნით, ქმნიან შეუზღუდველი რაოდენობის კომბინაციებს. მეტყველება ყოველთვის დროშია გაშლილ-განფენილი და მოლაპარაკის თავისებურებებს ასახავს, დამოკიდებულია კონტექსტისა და საურთიერთო სიტუაციებისაგან. მეტყველებას სწავლობს არა მარტო მეტყველების ფსიქოლოგია, არამედ ისეთი მეცნიერებებიც, როგორიცაა: ფსიქოლინგვისტიკა, მეტყველების ფიზიოლოგია, ლინგვისტიკა, სემიოტიკა და სხვა. მეტყველების ფუნქციებია: კომუნიკაციურობითი ფუნქცია, სიგნიფიკაციურობითი ფუნქცია, გამომსახველობითი ფუნქცია, განმაზოგადებლობითი ფუნქცია, წამქეზებლობითი ფუნქცია. ფსიქოლოგიაში განარჩევენ მეტყველების ორ ფორმას: გარეგანსა და შინაგანს. თავის მხრივ, გარეგანი მეტყველება ორი სახისაა: ზეპირი და წერითი. ზეპირი მეტყველება კი თვითონ მოიცავს ორ სახეს: მონოლოგურსა და დიალოგურს. გარეგანი მეტყველება აზრების მატერიალიზაციის პროცესია, ამ მეტყველებაში გამოიყენება ადამიანთა ბგერითი სიგნალები, წერითი ნიშნები და სიმბოლოები. შინაგანი მეტყველება შეიძლება ხასიათდებოდეს პრედიკატიულობით, რაც გამოიხატება მასში იმ სიტყვების უქონლობით, რომლებიც წარმოადგენენ სუბიექტს (ქვემდებარეს) და იმ სიტყვების ქონით, რომლებიც ეხება პრედიკატს (შემასმენელს).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.