განმტკიცება, შენახვა და შემდგომი აღდგენა (კვლავწარმოება) იმისა, რაც იყო ადამიანის წარსულ გამოცდილებაში სახეების (ხატების), აზრების, ქმედებებისა და გრძნობების სახით. მეხსიერება ადამიანის მიერ თავისი გამოცდილების დაგროვებისა და გამოყენების, მისი ფსიქიკური განვითარებისა და მისი პიროვნების ფორმირების აუცილებელი პირობაა. ახალი გამოცდილების შეძენა ყოველთვის ემყარება უკვე მიღწეულ შედეგებს, რომლებსაც მეხსიერება ინახავს. იმის მიხედვით, თუ რის დამახსოვრება და აღდგენა (კვლავწარმოება) ხდება, განარჩევენ მეხსიერების ოთხ სახეს: მოტორიკულს (მოძრაობითს), ხატოვანს, სიტყვიერ-ლოგიკურსა და ემოციონალურს.
მოტორიკული მეხსიერება დაკავშირებულია მოძრაობების დამახსოვრებასა და კვლავწარმოებასთან, მოძრაობითი ჩვევებისა და უნარების წარმოქმნასთან ადამიანის საქმიანობის თამაშობით, შრომით, სპორტულ და სხვა სახეებში.
ხატოვანი მეხსიერება დაკავშირებულია საგნებისა და მოვლენების გრძნობადი სახეების, მათი თვისებებისა და მათ შორის თვალსაჩინოდ მოცემული კავშირებისა და მიმართებების დამახსოვრებასა და აღდგენასთან (კვლავწარმოებასთან). იმის მიხედვით, თუ რომელი ანალიზატორებით ხდება ობიექტების აღქმა და ასახვა-გასახიერება, ხატოვანი მეხსიერება შეიძლება იყოს მხედველობითი, სმენითი, შეხებითი და სხვა.
მეხსიერების სახეები (ხატები) შესაძლოა სხვადასხვა სირთულისა იყოს: ერთეულადი საგნების სახეებიდან განზოგადებულ წარმოდგენებამდე, რომლებშიც განმტკიცებულია აბსტრაქტული შინაარსი. ამის გამო, არსებობს მეხსიერების უმნიშვნელოვანესი სპეციფიკური სახე, რომელსაც სიტყვიერ-ლოგიკური მეხსიერება ეწოდება და რომლის შინაარსია აზრები, ფიქრები, ცნებები, მსჯელობები, დასკვნები და მათი გამომხატველი სიტყვები. ასეთ მეხსიერებაში განმტკიცებულია საგნებისა და მოვლენების ასახვა მათ ზოგად და არსებით თვისებებში, კავშირებსა და მიმართებებში. მოსწავლეთა მიერ ცოდნის ათვისებაში სიტყვიერ-ლოგიკურ მეხსიერებას წამყვანი როლი უჭირავს.
ემოციონალური მეხსიერება დაკავშირებულია ემოციებისა და გრძნობების დამახსოვრებასა და აღდგენასთან იმ ობიექტებთან ერთად, რომლებიც იწვევენ მათ. მეხსიერების ძირითადი პროცესებია: დამახსოვრება, კვლავწარმოება (გახსენება) და დავიწყება. დამახსოვრება მეხსიერების მთავარი პროცესია: მასზე ბევრადაა დამოკიდებული მასალის კვლავწარმოების (გახსენების) სისრულე, სიზუსტე და თანამიმდევრობა, მისი შენახვის სიმტკიცე და ხანგრძლივობა. დამახსოვრება და გახსენება ხორციელდება უნებური (არაწინასწარგანზრახული) და ნებისმიერი (წინასწარგანზრახული) პროცესების ფორმით. დავიწყება, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს როგორც არანებისმიერი, უნებური პროცესი. უნებურ მეხსიერებას დიდი ადგილი უკავია ხალხის ცხოვრებასა და საქმიანობაში: ადამიანი ბევრს იმახსოვრებს და იხსენებს სპეციალური განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე. ნებისმიერი მეხსიერება ადამიანს აძლევს საშუალებას, დაიმახსოვროს აუცილებელი სისრულით, სიზუსტითა და სიმტკიცით ის, რაც მისთვის აუცილებელია შემდგომისათვის, და გაიხსენოს ის, რაც მას სჭირდება მოცემულ მომენტში. როგორც ნებისმიერი, ისე არანებისმიერი მეხსიერება შეიძლება იყოს ხანგრძლივიც და ხანმოკლეც, შეიძლება იყოს ერთი მოქმედების ან მრავალჯერგანმეორებადი მოქმედებების პროდუქტი. დამახსოვრების სისწრაფე, სიზუსტე და სიმტკიცე მეტწილად დამოკიდებულია მეხსიერების განვითარებაზე. იმის მიხედვით, თუ რომელი მასალა (თვალსაჩინო თუ განყენებული) ამახსოვრდება ადამიანს უკეთესად ან უარესად, არჩევენ მეხსიერების თვალსაჩინო-ხატოვან, სიტყვიერ-ლოგიკურ და შუალედურ (საშუალო) ტიპებს. დამახსოვრებაში სახეების ან აზრების ჭარბობა, ან ასეთი უპირატესობის უქონლობა, განისაზღვრება როგორც თანდაყოლილი ინდივიდუალური თავისებურებებით, ისე ცხოვრების მოთხოვნებით, ადამიანთა საქმიანობის შინაარსით, მათი პროფესიონალური თავისებურებებით. იმის მიხედვით, თუ ადამიანის მიერ სხვადასხვა მასალის დამახსოვრებისას რომელი ანალიზატორი აღმოჩნდება უფრო პროდუქტიული, არჩევენ მეხსიერების მხედველობით, სმენით და მოძრაობით ტიპებს. მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც შერეული ტიპი გვხვდება: მხედველობით-მოძრაობითი, სმენით-მოძრაობითი, მხედველობით-სმენითი, მხედველობით-სმენით-მოძრაობითი. მეხსიერება და სწავლება ერთი პროცესის მხარეებია. სწავლებაში იგულისხმება ინფორმაციის მოპოვებისა და ფიქსაციის მექანიზმები, ხოლო მეხსიერებაში ამ ინფორმაციის შენახვისა და ამოღების მექანიზმები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.