ორგანიზმის, ცალკეული ორგანოების ან მათი ნაწილების მოძრაობითი აქტიურობა. მოტორიკაში ესმით იმ მოძრაობათა თანამიმდევრობა, რომლებიც თავიანთ ერთიანობაში საჭიროა რომელიმე ამოცანის შესრულებისათვის. არჩევენ მსხვილ და წვრილ მოტორიკას, აგრეთვე, გარკვეული ორგანოების მოტორიკას. მსხვილი მოტორიკა უხეში მოტორიკაა. ეს არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს კიდურები და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, სირბილსა და სხვა. წვრილი მოტორიკა ნატიფი მოტორიკაა. ეს არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი, თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის მიმართულებას), რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს, თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს და სხვა. სენსომოტორიკული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) ჩვევები გამოხატავს ბავშვის უნარს, გრძნობათა ორგანოების (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოვნების, შეხების) გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა. სენსორულმოტორიკული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია თვალისა და ხელის კოორდინაცია. მოტორიკული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორიკული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორიკულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.