ოკ ოლ ონ ოპ ორ
ოპე

ოპერანტული განპირობებულობა

დასწავლის ფორმა, რომელშიც ორგანიზმის მიერ გამოვლენილი რეაქციის ალბათობა შედეგის მიხედვით იცვლება. ოპერანტული განპირობებულობის ცნება ამერიკელ ფსიქოლოგს ფრედერიკ ბერეს სკინერს უკავშირდება. სკინერმა, თორნდაიკის „ეფექტის კანონზე“ დაყრდნობით შეიმუშავა კვლევის პროგრამა, რომლის მთავარ მიზანსაც სტიმულის განპირობებულობის სისტემური ვარიაციების იმ მექანიზმების მიგნება წარმოადგენდა, რომლებიც განაპირობებენ განსაზღვრული ქცევის განხორციელების დიდ ალბათობას სხვადასხვა გარემო პირობებში. ტერმინი ოპერანტული ნიშნავს გარემოზე გავლენას, მისით ოპერირებას. შესაბამისად, ოპერანტული ქცევა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქცევა, რომლის მიზანიც გარემოზე გავლენის მოხდენაა. ოპერანტული განპირობებულობა პროცესია, რომლის დროსაც განსაზღვრული ქცევის შედეგი გავლენას ახდენს ამ ქცევის შესაძლო გამოვლენაზე მომავალში. ეს არის ქცევის დასწავლის მეთოდი, რომელშიც მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქცევაზე. შედეგებიდან გამომდინარე, ქცევის გამოვლენის ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს (განმტკიცება) ან შემცირდეს (დასჯა). მაგალითად, თუკი ბავშვი ხმამაღალი ტირილით იქცევს ყურადღებას და იღებს სითბოს, მომავალში, დიდი ალბათობით, იგი ისევ გააგრძელებს ამ ქცევის განხორციელებას. თუკი ვირთხა ბერკეტზე თათის დაჭერით იღებს საკვებს, ის მომავალშიც ასე მოიქცევა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9