პა პე
პედ

პედაგოგიკის კავშირი სხვა მეცნიერებებთან

პედაგოგიკა, როგორც მეცნიერება, დაკავშირებულია სხვა მრავალ მეცნიერებასთან. ეს კავშირი განპირობებულია პედაგოგიური პრაქტიკითა და კვლევებით. ადამიანის განათლების შესახებ მეცნიერებათა სისტემაში პედაგოგიკის ადგილი ნათლად და მკაფიოდ შეიძლება დავინახოთ მხოლოდ მაშინ, თუ განვიხილავთ მის ორმხრივ (დიალექტიკურ) კავშირს სხვა მეცნიერებებთან. ყველაზე უფრო ხანგრძლივი და პროდუქტიულია პედაგოგიკის კავშირი ფილოსოფიასთან, რომელიც პედაგოგიკაში ასრულებს მეთოდოლოგიურ ფუნქციას. მკვლევართა ფილოსოფიური შეხედულებების სისტემისაგან (მატერიალისტური, იდეოლოგიური, დიალექტიკური, ეგზისტენციალური და სხვა.) დიდადაა დამოკიდებული პედაგოგიკურ ძიებათა მიმართულება და მათი შედეგები. ფილოსოფია ამუშავებს მეცნიერული შემეცნების ზოგადი პრინციპებისა და ხერხების სისტემას, ამდენად, იგი პედაგოგიური გამოცდილების გააზრებისა და პედაგოგიკურ კონცეფციათა შექმნის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს, რადგან პედაგოგიკა ადამიანის მსოფლხედვისა და მსოფლგაგების ფორმირების გზებისა და საშუალებების მუდმივ ძიებაშია. ტრადიციულია პედაგოგიკის კავშირი ფსიქოლოგიასთან. სწავლება და აღზრდა პედაგოგიკის პრეროგატივაა, მაგრამ, როგორც ვიცით, სწავლებისა და აღზრდის მიზანი მოსწავლის განვითარებაა, და განვითარება არა მარტო რომელიმე ერთი მიმართულებით, არამედ განვითარება პიროვნული, ერთმთლიანი. განვითარება კი უკვე ფსიქოლოგიის პრეროგატივაა, და, ამდენად, ფსიქოლოგიას პედაგოგიკურ ძიებაში სათანადო ადგილი უკავია. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, შეიცავს საგანმანათლებლო პროცესის მეცნიერული დაფუძნების უმნიშვნელოვანეს წყაროებს. ამასთან ერთად, ადამიანის ფსიქიკური განვითარების მეთოდიკას პედაგოგიკა აფუძნებს პედაგოგიკურ საშუალებებზე. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის გარდა პედაგოგიკას მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა: ეთიკა, ესთეტიკა, სოციოლოგია, ანატომია, ფიზიოლოგია, ადამიანის ჰიგიენა, ბიოლოგია, ანტროპოლოგია, მედიცინა და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9