(ზეპირი გამოკითხვა (საუბარი, ინტერვიუ) გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა კვლევაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა დიდი არ არის. თუ კვლევაში უნდა ჩაერთოს ასობით და ათასობით ადამიანები, მით უმეტეს, თუ ეს მოკლე დროში ხდება, მაშინ ეს ორი მეთოდი უძლურია და გამოსაყენებელია ანკეტირება. ანკეტას უწოდებენ კითხვების ჩამონათვალს, გარკვეული თემის მიხედვით, რომლებსაც პასუხი უნდა გასცენ მოსწავლეებმა. ანკეტის მეშვეობით შეიძლება გამოვლინდეს მოსწავლეთა ზნეობრივი წარმოდგენები და ცნებები, მათი მიდრეკილებები, კავშირები, შეფასებითი მტკიცებები მათ გარშემო მყოფი ხალხის, შრომის, პროფესიის მიმართ, საზოგადოებრივი აზრის მაჩვენებლები და სხვა. ბოლო დროს ანკეტირებამ პედაგოგიკურ პრაქტიკაში ფართო გამოყენება ჰპოვა, იმდენად ფართო, რომ მრავალმა მკვლევარმა იგი ინფორმაციის მიღების უნივერსალურ მეთოდად ცნო. სინამდვილეში, მართალია, ანკეტის მეშვეობით გროვდება ძირითადი ინფორმაცია, მაგრამ იშვიათი არაა შემთხვევა, როცა მოსწავლეები არასაკმაოდ სერიოზულად პასუხობენ ანკეტის კითხვებს. ანკეტების სუსტი მხარეა მათი სტანდარტული ხასიათი, მკვლევარის ცოცხალი კონტაქტის არარსებობა რესპონდენტებთან, რაც ყოველთვის არ უზრუნველყოფს საკმაოდ სრული და გულწრფელი პასუხების მიღებას. არ შეიძლება ანკეტირებისა და მისი შედეგების მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ანკეტირებით შეიძლება ყველაფრის გაგება. ანკეტირება გვაძლევს მხოლოდ იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ემპირიული მასალა, რომელშიც აუცილებელია კორექტივების შეტანა და დასკვნების გამოტანა მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.