გაკვეთილის მსვლელობის ან მოსწავლეებთან ურთიერთობის პროცესში მასწავლებლის მიერ მოულოდნელი პედაგოგიური ამოხსნის (გადაწყვეტილების) მონახვა და პრაქტიკულად მისი მომენტალური განხორციელება. პედაგოგიური იმპროვიზაციის პროცესი შედგება ოთხი ეტაპისაგან, რომლებიც არსებითად წარმოადგენს შემოქმედებითი პროცესის ყველა სტადიას შეკუმშული სახით. პირველი ეტაპია პედაგოგიური გაბრწყინება. გაკვეთილის ან აღმზრდელობითი ღონისძიების მსვლელობისას რეპლიკაზე, კითხვაზე, ქცევაზე ან ახალი მასალის ახსნისას მასწავლებელი ღებულობს ბიძგს, იმპულსს შიგნიდან, ადგილი აქვს აფეთქებას, რომელიც ანათებს, აბრწყინებს ახალ აზრს, იდეას. მეორე ეტაპია პედაგოგიური იდეის მყისიერი გააზრება და მისი რეალიზაციის გზის მომენტალური შერჩევა. თუ იდეა ინტუიციურად იბადება, მაშინ მისი ხორცშესხმის გზა შეირჩევა ლოგიკურ-ინტუიციურად. მესამე ეტაპია პედაგოგიური იდეის პუბლიკური განხორციელება ან რეალიზაცია. ეს ეტაპი ცენტრალური ხდება, მასზეა დამოკიდებული პედაგოგიური იმპროვიზაციის ეფექტურობა. მეოთხე ეტაპია გააზრება, ესეიგი პედაგოგიური იდეის განხორციელების პროცესის მყისიერი ანალიზი და გადაწყვეტილება პედაგოგიური იმპროვიზაციის გაგრძელების ან წინასწარ დაგეგმილ ქმედებებზე გადასვლის შესახებ. პედაგოგიური იმპროვიზაცია ხელს უწყობს პედაგოგიური ტექნიკის სრულყოფას, აღმოცენებულ ამოცანებზე ელასტიკურ რეაგირებას. იმპროვიზაცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.