საქართველოში განსაზღვრულია პროფესიული განათლების ხუთი საფეხური. პირველი საფეხური საკმაოდ შეზღუდულ კომპეტენციებს გულისხმობს და ძირითადად სხვისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ერთგვაროვანი სამუშაოს შემსრულებელ სპეციალისტებს ამზადებს. შემდეგ საფეხურებზე კომპეტენციები თანდათან იზრდება. მეხუთე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი, გარდა სპეციალობის სიღრმისეული ცოდნისა, ფლობს მენეჯერულ უნარებს და შეუძლია სხვების მუშაობის დაგეგმვა და მართვა. ამასთან, მეოთხე და მეხუთე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს უფლება აქვს თვითონ ასწავლოს პროფესიული პროგრამების ფარგლეში. ამასთან, ყველა პროფესიას ყველა საფეხური არა აქვს. თუ რომელ პროფესიას რომელი საფეხურის კვალიფიკაცია შეესაბამება, ეს განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. მაგალითად, მღებავის პროფესია მაქსიმუმ მეორე და მესამე საფეხურებს ითვალისწინებს, ხოლო ბანკის ოპერატორისათვის მხოლოდ მეხუთე საფეხურია განსაზღვრული.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.