|

პა პე პი პლ პო პრ
პრა პრე პრი პრო

პროფესიული ეთიკა

იმ ნორმებისა და წესების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ სპეციალისტის ქცევას საზოგადოებრივი მორალური ფასეულობების საფუძველზე, მისი პროფესიული საქმიანობისა და კონკრეტული სიტუაციის თავისებურებათა გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეთიკური ცოდნისა და განათლების სისტემაში და სპეციალისტის მომზადებისა და მისი საქმიანობის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პროფესიული ეთიკები, როგორც წესი, ეხება პროფესიული საქმიანობის იმ სახეებს, რომელთა შედეგები ან პროცესები განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ სხვა ადამიანთა ან კაცობრიობის ცხოვრებასა და ბედზე. ამიტომ შეიძლება გამოვყოთ პროფესიული ეთიკის ტრადიციული სახეები, ისეთები, როგორიცაა: პედაგოგიური, მედიცინური, იურიდიული, მეცნიერის ეთიკა და შედარებით ახალი, რომელთა გაჩენა ან აქტუალიზაცია დაკავშირებულია მოცემულ საქმიანობაში „ადამიანური ფაქტორის“ როლის გაზრდასთან (მაგალითად, ინჟინერული ეთიკა) ან საზოგადოებაში მისი გავლენის გაძლიერებასთან (ჟურნალისტური ეთიკა). განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქმიანი ურთიერთობის ეთიკას, რამდენადაც ის გამოდის როგორც დამოუკიდებელი პროფესიული ეთიკის როლში (მენეჯერების, მეწარმეებისა და სხვათათვის), ისე სხვა პროფესიათა ეთიკის ელემენტის სახით (მასწავლებლის, ექიმის, იურისტის და სხვა). პროფესიულ ეთიკებს, ტრადიციულსაც და ახალსაც მრავალი თავისებურება გააჩნია, ზოგი მათგანი ზოგადია, ზოგიც სპეციფიკური.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9