სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო. სამეურვეო საბჭო შედგება თანაბარი რაოდენობით მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისა და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. მასში სათათბირო ხმის უფლებით წარმომადგენლის წარგზავნის უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს ფუნქციებია: სკოლის დირექტორის არჩევა; დირექციის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცება; დირექციის მიერ ფინანსებისა და სასკოლო ქონების განკარგვის კონტროლი; სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება და სხვ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.