სწავლების კითხვა-პასუხობითი მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების პროცესში გამოიყენება მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის აქტივიზაციის მიზნით, ასევე,ადრე მიღებული ცოდნის გამეორებისა და განმტკიცების მიზნით. საუბრის მეთოდმა თანამედროვე პირობებში მიიღო თავისი განვითარება. თავდაპირველად საუბრის მეთოდი გულისხმობდა ისეთი კითხვების დასმას, რომლებზედაც პასუხის გაცემა მხოლოდ ადრე მიღებული ცოდნის საფუძველზე ხდებოდა. მას უკვე ჰქონდა დიდი მნიშვნელობა სწავლების პროცესში მოსწავლეთა აქტივიზაციისათვის, რადგანაც საუბრისას ყოველი მოსწავლე მზად იყო ადრე მიღებული ცოდნის მობილიზებისათვის. იგი კითხვების მიხედვით არჩევდა ამა თუ იმ ფაქტს თავისი ცოდნიდან. საუბრის მეთოდის განვითარების შემდეგი საფეხური დაკავშირებულია სწავლების ეროთემატიკური მეთოდის გამოყენებასთან; ეს არის ისეთი კითხვა-პასუხობითი მეთოდი, როცა მასწავლებელი მიმართავს მისახვედრ კითხვებს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი სვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს ბიძგს შემეცნებითი აქტივობისაკენ. ამ შემთხვევაში მოსწავლე ძირითადად ეყრდნობა ადრე მიღებულ ცოდნას, მაგრამ მასწავლებლის მიერ დასმული მისახვედრი კითხვები მას უბიძგებს ნაწილობრივი საკუთარი ძიებისაკენ. საუბრის მეთოდის ასეთი სახის გამოყენება ხშირად აუცილებელია. მასწავლებელი ამ შემთხვევაში მართავს მოსწავლეთა აზროვნებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი საუბრის ჩატარებისას მოსწავლეთა დამოუკიდებლობა მცირეა, ამის გამო, მოსწავლეთა მიერ ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნის ჩვევების განვითარება სრულყოფილად არ ხდება. საუბრის მეთოდის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ეფექტიანობის როლის გაძლიერებასთან. ეს არის ევრისტიკული საუბარი. ევრისტიკული საუბარი სწავლების ისეთი მეთოდია, როცა მასწავლებელი მოსწავლეებს კი არ გადასცემს მზა ცოდნას, არამედ არჩევს ისეთ კითხვებს, რომელთა საშუალებითაც აიძულებს მოსწავლეებს ადრე მიღებული ცოდნის, დაკვირვების, პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე თვითონ მივიდნენ ახალ ცოდნამდე, დასკვნამდე, წესებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პირობებში გამოიყენება საუბრის სამივე ხერხი, მათ თავთავისი დანიშნულება აქვთ და ერთმანეთს ვერ შეცვლიან. საუბრის ჩატარების ხელოვნება მდგომარეობს კითხვების მკაცრი, ლოგიკურად გააზრებული სისტემის შერჩევაში. ყველაზე ეფექტიანია კითხვები, რომლებიც აღვიძებს მოსწავლის აზროვნებას, მოითხოვს მისგან დამტკიცებასა და მსჯელობას, მსგავსებისა და განსხვავების დადგენას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.