ბავშვების, მოზარდებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის განათლებისა და აღზრდის სისტემის შემადგენელი ნაწილი. ტარდება თავისუფალ დროს პიროვნების ინტერესებისა და უნარების განვითარების მიზნით, შემეცნებაში, ურთიერთობაში, პრაქტიკულ საქმიანობაში, ძალების აღდგენასა და ჯანმრთელობის განმტკიცებაში მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის. სკოლისგარეშე მუშაობა ხელს უწყობს თავისუფალი დროის სოციალური, რეკრეაციული და მოცლილობითი ფუნქციების რეალიზაციას, საშუალებას აძლევს ბავშვებს, გამოიყენონ იგი მაქსიმალური სარგებლობის მიღებით. სკოლისგარეშე მუშაობა მჭიდროდაა დაკავშირებული სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან, აღმზრდელობით მუშაობასთან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ხორციელდება უპირატესად სკოლისგარეშე დაწესებულებათა მიერ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.