(activus საქმიანი) ცნება, რომელიც განსაზღვრავს ნივთიერებების, მოვლენებისა და ცოცხალი ორგანიზმების მოძრაობისა და ქმედებათა ინტენსიურობის ტემპს. აქტიურობა განისაზღვრება შედარებაში, ფრდობით. პიროვნების აქტიურობა პიროვნების საქმიანი მიმართება სამყაროსადმი, კაცობრიობის ისტორიული გამოცდილების ათვისების საფუძველზე მატერიალური და სულიერი გარემოს საზოგადოებრივად ნიშნადი გარდაქმნები წარმოების უნარი; ვლინდება შემოქმედებით საქმიანობაში ნებისყოფით აქტებში, ურთიერთობებში. ყალიბდება გარე– მოსა და აღზრდის გავლენით. ზესიტუაციური (არაადაპტაციური) აქტიურობა ადამიანის უნარი, აღზევდეს სიტუაციის მოთხოვნათა დონეზე მაღლა, გადალახოს საქმიანობის შინაგანი და გარეგანი შეზღუდვები, დაბრკოლებები და დაისახოს ისეთი მიზნები, რომლებიც ჭარბია ძირითადი ამოცანის ფონზე; გულისხმობს ისეთი მოტივაციის არსებობას, რომლის არსი მდგომარეობს თვით მოქმედების მიმზიდველობაში, წინასწარ დაუსახავი შედეგის გარეშე. ადამიანმა იცის, რომ მისი არჩევანი შეიძლება დასრულდეს იმედგაცრუებით ან კრახითაც კი, მაგრამ ეს მას კი არ აშინებს, არამედ უფრო ძლიერ სტიმულს აძლევს მოქმედებისათვის. ზესიტუაციური აქტიურობა თავს იჩენს შემოქმედების, შემეცნებითი (ინტელექტუალური) აქტიურობის, ზენორმატიული აქტიურობის, „უანგარო“ რისკის მოვლენებში. აღზრდის პროცესში აუცილებელია ბავშვებში ასეთი აქტიურობის სტიმულირება და მისი ყოველგვარი გამოვლინების წახალისება. შემეცნებითი აქტიურობა პიროვნების საქმიანობრივი მდგომარეობა, რომელიც ცოდნის დაუფლების პროცესში ხასიათდება სწავლისადმი, გონების დაძაბვისა და ნებისყოფითი ძალისხმევის გამოვლენისადმი სწრაფვით. შემეცნებითი აქტიურობის ფიზიოლოგიური საფუძველია დღევანდელ სიტუაციასა და წარსულ გამოცდილებას შორის შეთანხმებულობის არქონა, მოშლა. არჩევენ შემეცნებითი აქტიურობის სამ დონეს: კვლავწარმოებითს, ინტერპრეტაციულსა და შემოქმედებითს. საზოგადოებრივი აქტიურობა ადამიანის საქმიანი მიმართება საზოგადოების ცხოვრებისადმი, რომელშიც ის გამოდის, როგორც ამ საზოგადოების ან გარკვეული კლასის ნორმების, პრინციპებისა და იდეალების ინიციატიური მატარებელი და მქადაგებელი ან მათი დამანგრეველი; პიროვნების რთული მორალურ-ნებისყოფითი თვისება, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი მუშაობისადმი ინტერესისისა და ორგანიზატორული უნარის ქონას, პასუხისმგებლობას საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისას, ინიციატივიანობას, შემსრულებლობას, მომთხოვნელობას საკუთარი თავისადმი და მზაობას იმისათვის, რომ დაეხმაროს სხვებს საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებაში. სოციალური აქტიურობა გვარობითი ცნებაა, მის სახეებს წარმოადგენს: საზოგადოებრივ პოლიტიკური, შრომითი, შემეცნებითი და სხვა. აქტიურობები. სოციალური აქტიურობის რეალიზება ხდება სოციალურ ქმედებათა სახით, იმ მოტივებისა და სტიმულების ზეგავლენით, რომელთა საფუძველია საზოგადოებრივად ნიშნადი მოთხოვნილებები. სუბიექტი,სოციალური აქტიურობის მატარებელი,არის ადამიანი, სოციალური ჯგუფი და სხვა ერთობები. როგორც პიროვნების საზოგადოებრივი თვისება, სოციალური აქტიურობა ვითარდება შემეცნების, საქმიანობისა და ურთიერთობების პროცესში, სოციალურ გარემოცვასთან ადამიანის კავშირების სისტემის მეშვეობით. სოციალური აქტიურობა დინამიკური წარმონაქმნია და მას შეიძლება ჰქონდეს გამოვლინების სხვადასხვა ხარისხი. სოციალური აქტიურობის ესა თუ ის დონე დამოკიდებულია საზოგადოებრივად ნიშნად საქმიანობაში პიროვნების სოციალური ვალდებულებებსა და ამ საქმიანობის მიმართ მის სუბიექტურ განწყობებს შორის თანაფარდობაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.