ეს არის ფსიქიკური ფუნქციების, წარმოდგენების, ცოდნის, უნარების, ჩვევების, მოქმედებებისა და პიროვნული თვისებების ერთობლიობა, რომლებსაც მოსწავლე უკვე დაეუფლა და რომლებიც მისი განვითარების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულია და მომწიფებული. ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს მოსწავლე წყვეტს დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე. ეს ბავშვის დღევანდელი დღეა, ცხოვრების ახალი ეტაპისათვის, ხვალინდელი დღისთვის მისი მზაობის ხარისხი. აქტუალური განვითარების ზონა განისაზღვრება განვითარების ზოგადი დონის, ამა თუ იმ თვისებათა ჩამოყალიბებულობის ხარისხის, ადამიანური გამოცდილების ათვისების სიმტკიცისა და სწავლა-განათლებისა და აღზრდის პროცესში შეძენილი გონებრივი ავლა-დიდების გამოყენების შემოქმედებითობის მიხედვით. ეს ბავშვის განსწავლულობისა და აღზრდილობის დონეცაა. ამ ზონის ბაზაზე, როგორც მისი კონცენტრული სფერო, იგება ბავშვის უახლოესი განვითარების ზონა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.