სკოლაში სასწავლო - აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზაციის სისტემა, რომლის მთავარი თავისებურება იყო მოსწავლეთა ინდივიდუალური მეცადინეობებისათვის დიდი რაოდენობის დროის მიცემა და მათი ინდივიდუალური დახმარება. დასახელება : დაკავშირებულია ქალაქ ბატავიის სახელთან (ნიუიორკის შტატი, აშშ), სადაც პირველად მიიღო აღიარება. ფართო გავრცელებულობა ჰპოვა მეოცე საუკუნის დასაწყისში. მასწავლებელი ძირითადად ვალდებული იყო ეწარმოებინა დაკვირვება მოსწავლეთა ქცევაზე და არა ესწავლებინა (ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით). მინიმუმამდე უნდა დაყვანილიყო საერთო მეცადინეობები კლასთან, მასალის თხრობა და მისი გამეორება. ბატავია გეგმის ავტორი იყო ბატავიის სკოლების ხელმძღვანელი ჯ. კენედი. ეს გეგმა გამოიყენებოდა როგორც დაწყებით, ისე საშუალო სკოლებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.