იგივეა, რაც შეთავსებული ან ინტეგრირებული გაკვეთილი. ეს არის პედაგოგიური პროცესის წაყვანის გაკვეთილობრივი ფორმის განსაკუთრებული ტიპი. ბინარულ გაკვეთილზე შეისწავლება ორი ან მეტი სასწავლო საგნის ურთიერთდაკავშირებული მასალა, მაგალითად: მათემატიკისა და ინფორმატიკის, ფიზიკისა და ქიმიის, ქართული ენისა და მათემატიკის და სხვა. ასეთი გაკვეთილების ჩატარება მაშინაა მიზანშეწონილი, როცა აუცილებელია საგანთაშორისი კავშირების განხორციელება, როცა ერთი საგნის მასალების ცოდნა აუცილებელია მეორე საგნის სწავლებისას პროცესებისა და მოვლენების არსის გაგებისათვის. ასეთ შემთხვევაში ცნებათა ფორმირების საქმეში მიიღწევა ერთიანობა, შეთანხმებულობა და მემკვიდრეობითობა, გამოირიცხება მასალის დუბლირება. ბინარულ გაკვეთილს, ჩვეულებრივ, ატარებს ორი პედაგოგი: ორი მასწავლებელი ან მასწავლებელი და, ვთქვათ, საწარმოო სწავლების ოსტატი და ა.შ. ერთობლივად ისინი ხსნიან საერთო ამოცანას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.