პედაგოგიკის დარგი, რომელიც ემყარება შემდეგ მოსაზრებას: ოდითგანვე ცნობილი იყო, რომ ადამიანის განათლება შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მისდევს მის ბუნებას, ესეიგი ითვალისწინებს მის მონაცემებს და ინტერესთა მიმართულობას. რამდენადაც ადამიანები თავიანთი ბუნებით სხვადასხვანაირები არიან, ამიტომ მათი განათლებაც უნდა იყოს სხვადასხვანაირი. ასეთი განათლება ბუნებისშესაბამისია და მხოლოდ მას შეუძლია მისცეს ადამიანს მასში იმთავითვე ჩადებული უნიკალური უნარების რეალიზების საშუალება, მხოლოდ ასეთი განათლება მიიყვანს ადამიანს ცოდნისა და ოსტატობის მწვერვალებამდე. ბუნებისშესაბამისი პედაგოგიკის თანახმად, ყველა ადამიანი ერთნაირია როგორც ბუნების მიერ გაჩენილი ინდივიდები, ცოცხალი არსებები, მაგრამ არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ფიზიკური და ინტელექტუალური მონაცემებით და მაშასადამე, განსწავლადობის დონეებით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.