ახალი მასალის შესწავლის გაკვეთილი: ტრადიციული (კომბინირებული) გაკვეთილი, ლექცია, ექსკურსია, კვლევითი მუშაობა, სასწავლო და შრომითი პრაქტიკუმი. გაკვეთილების ასეთი ტიპი მიზნად ისახავს ახალი ცოდნის დაუფლებასა და მის პირველად განმტკიცებას.
ცოდნის განმტკიცების გაკვეთილი. პრაქტიკუმი, ექსკურსია, ლაბორატორიული მუშაობა, გასაუბრება, კონსულტაცია. გაკვეთილების ასეთი ტიპი მიზნად ისახავს უნარჩვევათა გამომუშავებასა და ცოდნის გამოყენებას.
ცოდნის კომპლექსური გამოყენების გაკვეთილი: პრაქტიკუმი, ლაბორატორიული მუშაობა, სემინარი და სხვა გაკვეთილების ასეთი ტიპი მიზნად ისახავს კომპლექსში და ახალ პირობებში ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენების უნარების გამომუშავებას.
ცოდნის განზოგადებისა და სისტმატიზაციის გაკვეთილი. სემინარი, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა და სხვ. გაკვეთილების ასეთი ტიპი მიზნად ისახავს ცალკეული ცოდნის განზოგადებას სისტემაში.
ცოდნის კონტროლის, შეფასებისა და კორექციის გაკვეთილი საკონტროლო წერა, ჩათვლა, კოლოკვიუმი და სხვ. გაკვეთილების ასეთი ტიპი მიზნად ისახავს ცოდნისა და უნარჩვევათა დაუფლების დონის განსაზღვრას. ამ ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა ე. წ. სამფაზიანმა გაკვეთილმა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.