მიმართულება განათლების თეორიასა და პრაქტიკაში, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ფიზიკური, შემეცნებითი და ზნეობრივი უნარების განვითარებაზე მათი პოტენციალური შესაძლებლობების გამოყენების გზით. განმავითარებელი სწავლების თეორიას საფუძვლები ჩაუყარა ლეონიდ ვიგოტსკიმ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, როცა განიხილა საკითხი სწავლებისა და აღზრდის ურთიერთმიმართების შესახებ. განვითარებისა და აღზრდის პრობლემების ამოხსნისაკენ მიისწრაფვოდნენ ჯერ კიდევ ფრებელი, დისტერვეგი, უშინსკი. გერმანელმა ფსიქოლოგმა ზელცმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც უჩვენა სწავლების გავლენა ბავშვების გონებრივ განვითარებაზე. თავისი ჰიპოთეზის დასაბუთებისას ვიგოტსკიმ ჩამოაყალიბა ადამიანის ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ძირითადი გენეტიკური კანონის შინაარსი. ეს კანონი გახდა მისი კონცეფციის საფუძველი. ვიგოტსკის მიხედვით, ბავშვის განვითარებაში ყოველგვარი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქცია ჩნდება ორჯერ: ჯერ — როგორც კოლექტიური, სოციალური საქმიანობა, შემდეგ – როგორც ინდივიდუალური საქმიანობა, როგორც ბავშვის აზროვნების შინაგანი ხერხი. 1960-1980-იან წლებში ჩატარდა დიდძალი კვლევითი მუშაობა (ვეგნერი, ლერნერი და სხვა.) და მიღებულმა შედეგებმა ცხადყვეს, რომ ბავშვის განვითარებაში არსებითი როლი სწავლებას მიუძღვის, გამოავლინეს განმავითარებელი სწავლების ზოგიერთი კონკრეტული ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობები. 1950-იანი წლების ბოლოს ზანკოვმა განმავითარებელი სწავლებისათვის დაამუშავა ახალი დიდაქტიკური სისტემა, რომელიც დაფუმნებული იყო შემდეგ ურთიერთდაკავშირებულ პრინციპებზე:
სწავლება სიძნელის მაღალ დონეზე;
თეორიული ცოდნის წამყვანი როლი;
მასალის შესწავლის მაღალი ტემპი;
მოსწავლეთა მიერ სწავლის პროცესის გაცნობიერება;
სისტემატური მუშაობა ყველა მოსწავლის განვითარებაზე.
ამ პრინციპების საფუძველზე შეიქმნა პროგრამები და სახელმძღვანელოები დაწყებითი კლასების ყველა სასწაკლო საგანში. ზანკოვის სისტემის განმავითარებელი ეფექტი მოწმობდა, რომ ტრადიციული დაწყებითი განათლება ვერ აკეთებდა იმას, რაც მოსწავლეთა განვითარებას სჭირდებოდა. ზანკოვმა აღნიშნა, რომ განმავითარებლობითი მნიშვნელობა აქვს თვით სწავლებას: „სწავლების პროცესი გამოდის როგორც მიზეზი, ხოლო მოსწავლის განვითარეის პროცესი – როგორც შედეგი“. ამ დებულებაში არ იყო იდეა სწავლებასა და განვითარებას შორის შუალედური რგოლის შესახებ. ეს გააკეთა ელკონინის კოლექტივმა. მათ გამოავლინეს უმცროსი სასკოლო ასაკის ძირითადი ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნები – სასწავლო საქმიანობა და მისი სუბიექტი, აბსტრაქტულ-თეორიული აზროვნება, ყოფაქცევის ნებისნიერი მართვა. დადგინდა, რომ ტრადიციული დაწყებითი სწავლება ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებში ამ ახალწარმონაქმნების სრულფასოვან განვითარებას, ვერ ქმნის უახლოესი განვითარების აუცილებელ ზონებს, მხოლოდ წვრთნის და ამტკიცებს იმ ფსიქიკურ ფუნქციებს, რომლებიც წარმოექმნება მოსწავლეებს ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში (გრძნობითი დაკვირვება, ემპირიული აზროვნება, უტილიტარული მეხსიერება და სხვ.). დამუშავებულ იქნა უმცროსკლასელთა სწავლების სისტემა, რომელიც ქმნიდა უახლოესი განვითარების ზონებს და ეს ზონები დროთა ვითარებაში გადადიოდნენ საჭირო ახალწარმონაქმნებში.