თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში შეძენილი შეფერხება ან ფსიქიკის არასრული განვითარება, რომელიც ვლინდება ინტელექტის დარღვევით, გამოწვეულია თავის ტვინის პათოლოგიით და საბოლოო ჯამში იწვევს სოციალურ დეზადაპტაციას. ვლინდება, უპირველეს ყოვლისა, გონებასთან, ასევე, ემოციებთან, ნებისყოფასთან, მეტყველებასა და მოტორიკასთან მიმართებაში. გონებრივ ჩამორჩენილობას, როგორც თანდაყოლილ ფსიქიკურ დეფექტს, ასხვავებენ შეძენილი ჭკუასუსტობისგან (დემენცია). შეძენილი ჭკუასუსტობა ნორმალური დონისაგან ინტელექტის დადაბლებაა (ასაკის შესაბამისად), ხოლო ოლიგოფრენიის დროს ფიზიკურად მოზრდილი ადამიანის ინტელექტი თავის განვითარებაში ვერ აღწევს ნორმალურ დონეს და იგი წარმოადგენს არაპროგრედიენტულ პროცესს. გონებრივი უკმარისობის ხარისხი, სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით, ტრადიციული კლასიფიკაციის თანახმად არსებობს მისი სამი ხარისხი: დებილობა, იმბეცილობა და იდიოტია. დღეისათვის ეს ტერმინები სრულიად გამოირიცხება, მათ ნაცვლად მიღებულია ნეიტრალური ტერმინები და, შესაბამისად, გამოიყოფა გონებრივი ჩამორჩენილობის ოთხი ხარისხი: მსუბუქი (ტრადიციულად: დებილობა), საშუალო (ტრადიციულად: არამკვეთრად გამოხატული იმბეცილობა), ძლიერი (ტრადიციულად: მკვეთრად გამოხატული იმბეცილობა) და ღრმა (ტრადიციულად: იდიოტია). ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ისინი გამოვიდნენ მედიცინის ჩარჩოებიდან და მიიღეს სოციალური (ნეგატიური) იერი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.