ერთგვარი შიდასასაზღვრო ადგილი ორ სოფელს, ბოდბისხევსა და ზემომაჩხაანს შორის. ინფომატორის ცნობით, ამ ორი სოფლის მოსახლეებმა გადაწყვიტეს დაედგინათ საზღვარი. ამ მიზნით ორივე მხარემ თავ-თავისი ხარი გამოიყვანა. ბოდბისხეველების ხარმა ისე გაიწია, რომ მათი სოფლისკენ მეტი მიწა რჩებოდა. მაშინ ერთმა მაჩხაანელმა, სახელად გიგიბაცამ, ძლიერი ხმის მქონე კაცმა, ისე დასძახა ხარებს, რომ ხარებმა შიშისგან გეზი იცვალეს, მრუდედ წავიდნენ, რის შედეგადაც მეტი მიწის ნაკვეთი მაჩხაანელებს დარჩა. ამ ნაკვეთს ჰქვია ჩანკაანი. გადმოცემით, ჩანკაანის გზაზე სპარსეთში მიმავალი ქეთევან დედოფალი გაუტარებიათ (ზემომაჩხაანი).
Source: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტოპონიმთა ლექსიკონი; ავტ. ქეთევან გოდერძიშვილი; რედაქტორი პროფ. მერაბ ბერიძე; გამომცემლობა „უნივერსალი“, 2018. თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4.